top of page

რუსეთის ომი უკრაინაში და ქართული მედიის სოლიდარობა

ავტორები: მარიამ გერსამია
ეკატერინე გიგაური
სალომე მამასახლისი
მიხეილ ბოდოკია
მარიამ ნაკოევი

რუსეთის ომი უკრაინაში და ქართული მედიის სოლიდარობა

2022 წლის თებერვალში თანამედროვე სამყარომ პირდაპირ ეთერში იხილა, თუ როგორ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა, თავს დაესხა უკრაინას და მშვიდობიან მოსახლეობას. ომი ამ პერიოდამდე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ომის სიახლეების გაგება უფრო გამარტივდა. ტრადიციულ და სოციალურ მედიაში შეიქმნა უამრავი ჯგუფი/გვერდი თუ რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ოპერატიულად და/ან ონლაინ-რეჟიმში იღებს განახლებულ ინფორმაციას.
მსოფლიო მედიამ, ომის ცხელ ფაზაში გადასვლისთანავე, უკრაინის მიმართ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა. გამონაკლისი არც ქართული მედია აღმოჩნდა. კოლექტიური და მასშტაბური სოლიდარობისა და მხარდაჭერის კამპანია ქართულმა მედიამ თებერვალში დაიწყო. ომის დროს სოლიდარობის და მხარდაჭერის დემონსტრირება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მას დიდ აუდიტორიაზე აქვს წვდომა, რადგან ზოგადად “ომი, აუდიტორიის მტაცებელია, იმისა მიუხედავად, არის თუ არა ომი მაყურებლისა და მკითხველისთვის პირდაპირი საფრთხე“ (კიტი, 2015. გვ 140).

მედიას და ინფორმირებულ საზოგადოებას შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ნებისმიერი სახის კონფლიქტისა და განსაკუთრებით, საომარი კომუნიკაციების დროს მშვიდობის მშენებლობაში. ამ კუთხით, სოლიდარობის და სამშვიდობო ჟურნალისტიკის მიზნები თანხვედრაშია. აუდიტორიის ინკლუზიის მნიშვნელობაზე მსჯელობისას ბეტსი (Betz, 2018) მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიის ყოველი მომხმარებლის აქტიურობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და ინფორმირებულობას ადამიანის უფლებების შესახებ.

ჯოზეფი (Joseph, 2014) იკვლევს გლობალური მასმედიის როლს თანამედროვე საერთაშორისო კონფლიქტებში, ეყრდნობა „სამშვიდობო ჟურნალისტიკის“ კონცეფციას (რომელიც კონფლიქტების გაშუქების ალტერნატიული მოდელია) და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ახალი სტრატეგიის შემუშავება: მედიის მთელი ძალის გამოყენება კონფლიქტების გადაწყვეტისას. ავტორის აზრით, საერთაშორისო კონფლიქტების გაშუქებისას მედია სხვადასხვა შეზღუდვის წინაშე დგას, ეს შეიძლება იყოს: ინდივიდუალური, სახელმწიფო, ორგანიზაციული თუ იდეოლოგიური. ამ შემთხვევაში მედია უნდა განიხილებოდეს როგორც „სოციალური ინსტიტუტი“.

იმისთვის, რომ მედიამომხმარებლები თავს ფსიქოლოგიურად დაცულად გრძნობდნენ, საჭიროა მედია-მონიტორინგის სისტემატური წარმოება და საომარ ვითარებაში სოლიდარობის ჟურნალისტიკის ხელშეწყობა. ამ კუთხით, სოლიდარობის ჟურნალისტიკა შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ფსიქოლოგიური ხელშემწყობი ინსტრუმენტი და ფართო საზოგადოებისთვის სტრესმედეგობის გაძლიერების საშუალება, რომელიც აჩენს პოზიტიურ მიკრო-მომენტებს და აძლიერებს სოლიდარობას მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

სოლიდარობის დემონსტრირება მედიასივრცეში ახალი არ არის. აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიაში, ის ძირითადად ხასიათდებოდა ფრაგმენტულობით და ვლინდებოდა კონკრეტული, ერთი ან რამდენიმე დღის ამბის კონტექსტში. თუმცა, უკრაინის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობა მხოლოდ სარედაქციო პოლიტიკის, ან კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ერთჯერადი მხარდაჭერის გამოვლინება არ ყოფილა. ქართული მედიაში უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა დღის წესრიგის ნაწილად და რუტინად გადაიქცა და ამასთან, მკაფიოდ დაუკავშირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და იდენტობის დაცვას.
სოლიდარობის გამოხატვა ჟურნალისტიკაში სამი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. ესენია:
1. საზოგადოების მხრიდან მედიის მიმართ გამოხატული სოლიდარობა;
2. სოლიდარობის ჟურნალისტიკა - თავად მედიის მხრიდან საზოგადოების ჯგუფებისადმი და/ან მოვლენების კონტექსტში დემონსტრირებული სოლიდარობა;
3. მედიაორგანიზაციებს შორის არსებული ურთიერთსოლიდარობის გამოხატვა.
მნიშვნელოვანია გამოვყოთ, რომ სოლიდარობის ჟურნალისტიკის კიდევ ერთი ფუნქცია კოლექტიური სტრესმედეგობის გაძლიერებაა - კრიზისულ სიტუაციაში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჩვენებით, პროსოციალური ქცევებისა და პოზიტიური მიკრო-მომენტების დემონსტრირების გზით. ომის პერიოდში სხვადასხვა კუთხით დაზარალებულთა, მსხვერპლთა და ლტოლვილთა მხარდაჭერა და აკურატული გაშუქება სწორედ სოლიდარობის ჟურნალისტიკის ფოკუსია. ამ მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომისას გლობალური (მათ შორის ქართული) მედიის ფუნქცია უკრაინელების გამხნევება გახდა.
კრიზისების პერიოდში, მედიის მხრიდან სოლიდარობის გამოხატვით საზოგადოებაში განსაკუთრებით ძლიერდება პროსოციალური მედიის როლი. ეფექტი კიდევ უფრო იზრდება საომარ ვითარებაში, როცა ადამიანები ცდილობენ მძიმე ემოციური მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნონ და ამისთვის ქცევით მოდელებს და პოზიტიურ ემოციებს (იმედს, ემპათიას, თანაგრძნობას, სიხარულს, სიყვარულს, იუმორს და ინსპირაციას, მადლიერებას და სხვ.) მედიაშიც ეძებენ. სხვადასხვა ადამიანისა და ჯგუფის მიერ და მიმართ მედიაში დაფიქსირებული ემპათია, თანაგრძნობა, მხარდაჭერა, სოლიდარობა - ის ემოციური იმპულსებია, რომლებიც მედიის მომხმარებელს სტრესულ და, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაშიც ამხნევებს, ეხმარება, დაინახოს გამოსავალი და შესაძლოა უბიძგოს პროსოციალური მოქმედებისკენ (მაგ: სოლიდარობის აქციებში, ქველმოქმედებაში, ჩართულობისკენ).
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მასშტაბური სოლიდარობის მედიაკამპანია შეგვიძლია ავხსნათ რამდენიმე ფაქტორით, ესენია:

1. ორი ქვეყნის საერთო მტერი. ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა და იმპერიალისტური ზრახვები. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს უკვე ჰქონდა რამდენიმე ომის გამოცდილება რუსეთის ფედერაციასთან;
2. გეოგრაფიული ფაქტორი. იქიდან გამომდინარე, რომ ომი საქართველოდან არც ისე შორს არის, ინტერესი კონკრეტულად ამ ომის მიმართ უფრო იზრდება;
3. ეროვნული ინტერესები. სოლიდარობის დემონსტრირება, რომელიც მოიცავს ეროვნულ ინტერესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერის საგარეო იმიჯის ჩამოყალიბებაში. ამას ემატება უკრაინისა და საქართველოს საერთო ეროვნული ინტერესები, რომლებიც უკავშირდება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას. ომის პერიოდში, ეს საკითხი და პროცესი, განსაკუთრებით აქტუალური და დინამიკური გახდა. 2022 წელს უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. ევროსაბჭომ მიიღო უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილება.
ეს და სხვა ფაქტორები მედიის დღის წესრიგში თავის ადგილს იკავებს, რაც ანალიზისა და დისკუსიისთვის საინტერესო დისკურსს აჩენს.
ამ ანგარიშში წარმოგიდგენთ ქართული მედიის უკრაინის მიმართ სოლიდარობის მედია-მონიტორინგს, რომელიც აჩვენებს, პროსოციალური მედიის რა თავისებურებებს ააქტიურებს მედია ომის და ტრაგიკული მოვლენების გაშუქებისას. ამასთან, გვეხმარება, უკეთ დავინახოთ სოლიდარობის ჟურნალისტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. კერძოდ, რა ფორმებით შეუძლია მედიას, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისა და/ან მოვლენების გაშუქებისას, სოლიდარობისა და მხარდაჭერის დემონსტრირება, ადამიანის უფლებების შესახებ აკურატული რეპორტირება და გამოვკვეთოთ ისიც, თუ რა არის გასაუმჯობესებელი ამ კუთხით.
კვლევა პასუხობს კითხვებს:
1. სოლიდარობის დემონსტრირების რა ძირითად მახასიათებლებს იყენებს მედია და რა სიხშირით?
2. სოლიდარობის დემონსტრირებისას რა საერთო და განმასხვავებელ მიდგომებს იყენებენ პოლარიზების რეჟიმში მყოფი სამაუწყებლო კომპანიები?
3. რა ოფიციალურ წყაროებს და განცხადებებს ეყრდნობა მედია სოლიდარობის დემონსტრირებისას?
კვლევა აჩვენებს, თუ მედიის რა პროსოციალურ მექანიზმებს ააქტიურებს ომი. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ შეიცვალა დღის წესრიგი ქართულ მედიაში და რა სოლიდარობის დემონსტრირების კუთხით რა დინამიკაა.


bottom of page