მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში
ავტორები: მარიამ გერსამია, მაია ტორაძე, მარი ბანძელაძე
კვლევის მიზანია, აღწეროს და შეაფასოს 2023 წელს საქართველოს მედიაგარემო და
გამოკვეთოს საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც გავლენას ახდენს მედიის
სიცოცხლისუნარიანობაზე საქართველოში.
კვლევა გამოკვეთს, გლობალური და ლოკალური გამოწვევებისას, როგორ მოქმედებს
პოლიტიკური პოლარიზაცია მედიაზე, ჟურნალისტების საქმიანობაზე, პროდუქტის ხარისხსა და
მედიის სანდოობაზე. კვლევაში გაანალიზებულია, თუ როგორ ახერხებს მედია ინსტიტუციური
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას (მაგ: ფინანსურ მდგრადობას, კონტენტის წარმოების
უწყვეტობას, წყაროებთან ხელმისაწვდომობას) პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში. ამ
პროცესში შეფასებულია, თუ რა ხელისშემშლელი და მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს
მედიაში სხვადასხვა აქტორის (მმართველი და სხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო
სექტორისა და მედიის აუდიტორიის, ბიზნეს-სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
დონორების) მხრიდან.
წინა წლების მსგავსად, კვლევა აფასებს სოლიდარობის ჟურნალისტიკის, როგორც მხარდამჭერი
მექანიზმის, ეფექტურობას და აღწერს, როგორ ვლინდებოდა 2023 წელს: 1. სოლიდარობა
მედიის მიმართ; 2. ურთიერთსოლიდარობა მედიასაშუალებებს შორის; 3. სოლიდარობა
მედიის მხრიდან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ.
კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს პოლიტიკური პოლარიზების პირობებში მედია და
როგორ უმკლავდება რუსული დეზინფორმაციის გამოწვევებს. კვლევის ერთ-ერთი ასპექტი
არის - გააანალიზოს მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს
ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.
კვლევის დასაწყისში გამოყოფილია ის საკვანძო მოვლენები, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინა
მედიის დღის წესრიგსა და მედიაგარემოზე.