top of page

მოსკოვის არაკები


ავტორის შესახებ: თამთა ჩხაიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის დოქტორანტია და მუშაობს კვლევაზე "ყალბი ამბების ფენომენი საქართველოს, უკრაინისა და ესტონეთის მაგალითზე". თამთას ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი მედიის კვლევებში და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. თამთა სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალისტად და კომუნიკაციების სპეციალისტად. აქვს სატელევიზიო მედიაში, საჯარო, კერძო სექტორებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს. ამჟამად არის ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ კომუნიკაციების ოფიცერი.


,,იცი, ამდენი დღის შემდეგ როდის ვიტირე პირველად? როცა გავიაზრე, რომ ბებიაჩემს, ლუგანსკში, სჯეროდა ყველაფრის, რასაც რუსული ტელევიზიები ამბობდნენ”, - მითხრა ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა ომის დაწყებიდან მე-5 დღეს. მეორედ მაშინ იტირა, როცა მარიუპოლში დედა მოუკლეს და მერე ბევრჯერ, როცა მამა წარმოუდგენელი ხერხებით გადიოდა კონტაქტზე ლვოვში ჩარჩენილ შვილთან და ბოდიშს უხდიდა, რომ ცოლის დაკრძალვა ჯერ კიდევ ვერ შეძლო.


რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა ხშირად ჰგავს ცხრათავიან გველეშაპთან ბრძოლას. თუმცა ემოციურად ბევრად რთულდება, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები ხდებიან დეზინფორმაციის მსხვერპლნი. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ მე და კატია, რომელსაც 200 დღეზე მეტია ისე სჯერა უკრაინის თავისუფლების, როგორც არასდროს.


რამდენად სჯერათ საკუთარი ქვეყნის რუსეთში, განსაკუთრებით, 21 სექტემბრის შემდეგ, რთული სათქმელია. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და განაცხადა, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის ,,გაყოფა და განადგურებაა“, რუსი მოქალაქეების ნაწილი მეზობელი ქვეყნის საზღვრებისკენ გაეშურა, ნაწილმა კი კიდურების განზრახ მოტეხვა გადაწყვიტა.


მოსკოვს თუ ცრემლების არ სჯერა, სამყაროში პრაქტიკულად აღარავის სჯერა მოსკოვის. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მსოფლიო სადაზვერვო სამსახურების ყურადღება რუსული პროპაგანდის მიმართ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.


რუსეთის საინფორმაციო ომი არასოდეს წყვეტს ფუნქციონირებას, თუმცა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს სამხედრო ინტერვენციის პერიოდში, რაც აქამდეც გვინახავს 2008 წელს საქართველოში, სამაჩაბლოს თუ 2014 წელს უკრაინაში, ყირიმის ოკუპაციისას. უკრაინის წინააღმდეგ აქტიური საინფორმაციო კამპანია რუსეთმა 2021 წლის დასაწყისში, საკუთარი საზღვრებიდან დაიწყო. რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების გაძლიერების პარალელურად, რუსეთი იმეორებდა, რომ არ აპირებდა რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების დაწყებას. საინტერესოა, რომ ასეთივე სცენარს რუსეთმა 2014 წელსაც მიმართა. რუსი სამთავრობო მოხელეები ადგილობრივ თუ საერთაშორისო პრესაში კატეგორიულად უარყოფდნენ ,,აგრესიულ“ პოლიტიკაში ჩართვას და ამ ფორმულირებას ექსკლუზიურად უკრაინას და მის მოკავშირეებს, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწერდნენ.


მედიაში აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მესიჯებს ავრცელებდნენ მარია ზახაროვა თუ კრემლის სხვა პროპაგანდისტები. აპელირებდნენ ,,რუსეთისთვის წარსულში მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით“ - მინსკის შეთანხმებების საკითხი ხშირად იყო ციტირებული, როგორც რუსეთის მიმართ ღალატი. ამ და სხვა არგუმენტებით პროპაგანდისტები ცდილობდნენ გაემართლებინათ პუტინის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ უკრაინაში ,,სამშვიდობო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით“. 26 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელ მედია საშუალებებს უკრაინის კონტექსტში სიტყვა ,,ომის“ გამოყენება ოფიციალურად აუკრძალა.


ომის მთავარი პროპაგანდისტული ნარატივები


,,რუსეთი, როგორც მსხვერპლი“ და ,,კიევის არაკომპეტენტურობა“ ის მთავარი პროპაგანდისტული ნარატივებია, რომლის მოგერიებასაც უკვე 7 თვეა ვცდილობთ.

ყველაფერი 56-წუთიანი მიმართვით დაიწყო, რომელიც რუსმა მაყურებელმა დონბასის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე იხილა. აქცენტები რუსეთისა და უკრაინის გრძელი და ,,ისტორიული ერთიანობის შესახებ“, გადაწყვეტილებები, რამაც ,,ერთი ერი დამოუკიდებელ და გაუმართავ ერთეულებად დაყო“, ,,თანამემამულე უკრაინელები“ და ა.შ (Vladimir Putin's Speech on Ukraine, and Recognition of Donbass - Feb 21 2022 - English Subtitles). მკაცრი და ცინიკური გამომეტყველებით ვლადიმერ პუტინი შეეცადა საკუთარი მოქალაქეების ემოციებით ეთამაშა, რასაც დიდი ძალისხმევა არც სჭირდებოდა.


რუსი პოლიტიკოსები რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაკომპეტენტურად და კორუმპირებულად თვლიან, არახალია. ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, კომერსანტში გამოაქვეყნა სტატია სათაურით, რატომ არის აზრს მოკლებული კონტაქტი უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან. საკუთარ გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა ერს უთხრა, რომ ,,ნაცისტების მიერ მართული უკრაინის გასათავისუფლებლად სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა“. ალბათ რუსი ბლოგერების ცრემლიანი თვალები და ის ვიდეოებიც გაგახსენდათ, რომელშიც რუსეთში „მაკდონალდსის“ სარესტორნო ქსელისა და ბრენდული მაღაზიების დახურვას დასტირიან და ვერ იგებენ, რით დაიმსახურეს ეს ,,სასჯელი უბრალო სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის’’.


პროპაგანდა ოკუპირებულ ქალაქებში


ცოტა ხნის წინ "Washington Post"-ს ხელში ჩაუვარდა გაზეთები, რომელსაც ოკუპირებული ქალაქების მოსახლეობას ურიგებდნენ. სანამ მობილური ტელეფონები და ინტერნეტი გათიშული იყო, რუსეთის ფედერაცია ბეჭდური მასალების გავრცელებით ცდილობდა ადგილობრივ მოსახლეობაში საბჭოთა ნოსტალგიების გაღვივებას.

"Washington Post"-მა თავი მოუყარა იმ ძირითად ნარატივებს, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოკუპირებულ ქალაქებში. მაგალითად, "The Izyum Telegraph" იზუმის (ჩრდილოეთაღმოსავლეთ უკრაინა) მოსახლეობას მოუთხრობდა, რომ რუსი ჯარისკაცები კიევის ძალების მიერ განადგურებულ ტერიტორიებს აღადგენდნენ და რომ რუსეთი ნათელი მომავლისთვის იბრძოდა. "Kharkiv Z" უფრო მეტად სასაუბრო და ხშირად აგრესიულ ენას იყენებდა, რაც უფრო მეტად წააგავს რუსული პროპაგანდისტული საშუალებების დიდ ნაწილს. როგორც სტატიის ავტორი მიუთითებს, ორივე პუბლიკაციის რიტორიკა მეორე მსოფლიო ომის ენას ასახავს. აქტიურად იყენებდნენ ტერმინს ,,მოკავშირე ძალები“ ლუგანსკიდან და დონეცკიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ჯარებთან მიმართებაში და სიტყვებს ,,ნაცისტი“ და ,,ფაშისტი“ უკრაინელების აღსაწერად.


"Kharkiv Z"-ის აპრილის ნომერში, გაზეთმა რუსეთის ბრძოლა დონბასის რეგიონის კონტროლისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში შეადარა 1943 წელს კურსკის ბრძოლას საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ჯარებს შორის. ,,ადგილობრივი მოქალაქეები კიევის მიმართ ძირითადად არალოიალურები არიან,“ - ნათქვამია გაზეთში. უკრაინულ ძალებს ხშირად მოიხსენიებდნენ ოკუპანტებად და ნაცისტებად, რუსეთს კი - განმათავისუფლებლად. გაზეთი აპელირებდა იმაზეც, რომ დონეცკის ბრძოლა იქნებოდა შეჯიბრი რუს და ამერიკელ სტრატეგებს შორის. გაზეთი, რა თქმა უნდა, ციტირებდა მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც აქტიურად საუბრობდნენ თავიანთ უზარმაზარ გეგმებზე რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ,,განსხვავებით უკრაინისგან, რომელსაც სურს მთლიანად გაანადგუროს ჩვენი ტერიტორიები,“ - ამბობდნენ ისინი.

შეცვლილი ნარატივები სამთავრობო მედიაში


ბოლო პერიოდში, უკრაინის განსაკუთრებულმა წარმატებამ რუსულ პროპაგანდისტულ მედიას ,,უხერხულობა“ შეუქმნა. ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების განადგურების ისე გაშუქება, რომ კრემლი არ გაღიზიანებულიყო, დიდ ძალისხმევას და სამსახიობო ოსტატობას მოითხოვდა. რუსული მედია გულმოდგინედ ერიდებოდა უკრაინელი სამხედროების მიღწევების ხსენებას კვირების განმავლობაში, თუმცა რუსეთის უმძიმესი მარცხის შემდეგ, იძულებულები გახდნენ ლამაზი ტყუილები კიდევ უფრო აქტიურად შეეთხზათ.


რუსეთის მოქალაქეების კითხვები საძიებო სისტემებში


რუსული დეზინფორმაციის უპირობო მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეები არიან. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, საინტერესო იყო მათი აზრის გაგება მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ნებისმიერი საზოგადოებრივი აზრის კვლევა დიქტატურაში მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. შეიძლება მოატყუო მკვლევარი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოატყუებ საძიებო სისტემებს."როდის გაათავისუფლებს რუსეთი უკრაინას?"; იქნება თუ არა ომი ნატოსთან?; "უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების სია"; "რუსეთის მოღალატეები 2022" - ესაა ყველაზე ხშირად დასმული კითხვები Yandex-ის საძიებო სისტემაში. საძიებო ფრაზები ასევე მოიცავს: „ომი უკრაინაში“, „ომი 2022“, „ომის ამბები“, „უახლესი ომის ამბები“ და ა.შ. ფრაზა „უკრაინის ომი“ ჯერ კიდევ 10-ჯერ აღემატება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. საინტერესოა, რომ ტერმინი ,,ბიოლაბორატორია“ ომამდე, თვეში საშუალოდ 1500-მდე იძებნებოდა. მარტში კი სიტყვის ძიების რაოდენობამ 206,005-მდე მოიმატა. მაისის დასაწყისში გააქტიურდა ძიება ფრაზაზე ,,ჰიტლერი ებრაელია“. ამას წინ უძღოდა სერგეი ლავროვის საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება, რომ ჰიტლერი შესაძლოა ებრაელი ყოფილიყო. ეს უკრაინის პრეზიდენტზე თავდასხმის მცირე ნაწილია, რომელიც ებრაელია და რაზეც ხშირად აპელირებს რუსული მედია.


ომი გრძელდება და რუსეთის ომის დანაშაულებზე ყოველდღიურად უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი. რუსულ დეზინფორმაციას, როგორც ცხრათავიან გველეშაპს, კიდევ უფრო აქტიურად ებრძვის ცივილიზებული სამყარო. ჩემი უკრაინელი მეგობრის ბებიას კი დონეცკში, უფრო და უფრო ნაკლებად სჯერა რუსული პროპაგანდის.



აკრძალულია მასალის კოპირება, რეპროდუცირება ან გავრცელება კომერციული მიზნებისთვის მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მასალა მომზადდა "ისტორიის მცველების" სერიის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ცენტრი და ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.






survey presentation_17 July
bottom of page