top of page

მემორანდუმი უნივერსიტეტ"ალტერბრიჯთან"

15 დეკემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა MCERC (მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევით ცენტრსა) და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯს“ შორის.


MCERC-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა ნათია გოცაძემ. "მიხარია, რომ პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში საშუალება გვეძლევა სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ჩავრთოთ მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტებში, ასევე ერთობლივად დავგეგმოთ სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებები საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება" - აღნიშნა "ალტერბრიჯის" რექტორმა ნათია გოცაძემ.


შეთანხმების მიზანია უმაღლესი განათლების განვითარებაში წვლილის შეტანა, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური კადრებით შრომის ბაზრის უზრუნველყოფა, ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე კარიერული წინსვლის მოთხოვნებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროგრამებს/პროექტებს, დაგეგმავენ და განახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ერთობლივ კონფერენციებსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც მიმართული იქნება პიროვნების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზებისკენ, შრომის ბაზრის მოთხოვნილებების ადეკვატური კადრების მომზადებისა და გამოვლენისკენ.


„ჩვენ თანამშრომლობას აერთიანებს ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე წარმატებულად სწავლის წინაპირობაა. ეს ღირებულებები მოიცავს მრავალფეროვნების პატივისცემას, პროფესიონალიზმის და კრეატიულობის დაფასებას, თავისუფლების სიყვარულს, გუნდურობის პატივისცემას და სხვ. „ალტერბრიჯის“ გუნდთან ერთად საინტერესო ერთობლივ პროექტებს ვგეგმავთ, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თვითრეალიზებას და განვითარებას“ - აღნიშნა MCERC-ის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ "ალტერბრიჯის" ვიცე რექტორი და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი მაკო ჯაოშვილი, მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამთა ჯინჯოლავა და MCERC-ის გამგეობის წევრი მაია ტორაძე.




Comments


survey presentation_17 July
bottom of page