top of page

სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსია ქუთაისში

"თავისუფლებას მივყავართ თავისუფლებასთან"- ამ სიტყვებით დაიწყო სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსია 19 ივნისს, ქუთაისში. შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.


სოლიდარობის შეხვედრები Thinkathon-ის რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები მსჯელობენ დილებურ საკითხებზე და ეძებენ გადაწყვეტის გზებს.

გამოითქვა მოსაზრებები და გაიმართა დისკუსია მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნაზე:


📍"თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა პროგრესისკენ წასვლა და მედიამ ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ გავავრცელოთ სიძულვილის ენა" - "ძველი ქალაქის" დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი.


📍"განსაკუთებული პრობლემა ის არის, რომ ობიექტური მედიები ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ ამინდის შექმნას. კიდევ ერთი გამოწვევა ძალადობაა, რომელისგან დაზღვეული არც რეგიონალური და არც ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლები არ არიან...ყველაზე მთავარი, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ესაა დეზინფორმაცია, რომელიც არის სათავე საზოგადოების მხრიდან აგრესიისა და ჟურნალისტების მიმართ არასოლიდარულობისა"- თეონა გოგიშვილი,

"სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი.


📍"მედია განსაკუთრებით საჭიროებს სამართლებრივ დაცვას,"- ზაალ გორგიძე, საიას ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე.


📍"ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე თუ საიდან მოდის მთავარი მხარდაჭერა და სოლიდარობა, არ ვსაუბრობთ, სადაა განვითარების იმპულსი - ეს ევროკავშირია. ევროკავშირის პოპულარიზაციის საკითხში მედია არის პასიური. ნაკლებად შუქდებაის, თუ რა კეთდება ევროკავშირის დახმარებით რეგიონებში და ეს მიდგომა შესაცვლელია. სამწუხაროდ, არასაკმარისი გაშუქება არასწორ აღქმებსაც იწვევს. ევროკავშირის დახმარებაზე ნაკლებად საუბრობენ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც,"- მარიკა ვაჭარაძე, "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ".


📍"დეცენტრალიზაციის აღქმა მნიშვნელოვანია მედიის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის რეგიონული ამბების ეფექტიანად გაშუქებისთვის...ორგანიზაციაში და პროფესიაში ყველაფერი რეგულირებადი ვერ იქნება. ყველაფრის დეტალიზება არ უნდა იყოს ამოსავალი. გამოსავალია რეალიზებადი ჩარჩოს შექმნა და პრაქტიკის დამკვიდრება. სოლიდარობა აქ ინსტრუმენტია იმისთვის, თუ როგორ უნდა გავაცოცხლოთ და ვამუშაოთ ადამიანის, მათ შორის შრომითი უფლებები...ტრანსფორმაციული დემოკრატიის ქვეყნებში ყველაფრის რეგულაცია (მაგ. სიძულვილის ენის კრიმინალიზება) შეიძლება გახდეს არა თავისუფლების დამცველი, არამედ მოკლას პრაქტიკა და პირიქით იმუშაოს,"- თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი.


📍"დეცენტრალიზაციის არქონა ყველაფერში ხელს გვიშლის. რეგიონულ მედიას სჭირდება სახსრები, რომ ხარისხიანი პროდუქტი შექმნას,"- ფოკი ფაჩულია, CIPDD


📍"სოლიდარობის ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობ, მოწყვლადი ჯგუფები გავაშუქო, რადგან ესაა ყველაზე ჰუმანური საქმე,"- ლილე ბერაძე, რადიო "ძველი ქალაქი".


შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნება სოლიდარობის ჟურნალისტის ჯგუფი, სადაც იმსჯელებენ მოწყვლადი ჯგუფების გაშუქებაზე, მედიის მიმართ გამოხატულ სოლიდარობასა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.



Comments


survey presentation_17 July
bottom of page