top of page

"მედიახმა" ბორჯომიდან

MCERC-ის პროექტის „მედიახმა: მედია - მეტი თავისუფლებისა და ნაკლები თვითცენზურა“ - ვორქშოფები და სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსიები 23 და 24 ივლისს ბორჯომში, სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრში გაიმართა. შეხვედრებს, რომლის ორგანიზატორია მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) დაესწრნენ ჟურნალისტები, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


“მედიახმის“პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა.


„მედიახმის“ ტრენერები და ექსპერტები არიან:

  • ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (თსუ) დირექტორი, პროფესორი;

  • თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტი და ჟურნალისტი;

  • ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლექტორი;

  • თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და ლექტორი (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).

ბორჯომში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ „ტვ ბორჯომის“, გაზეთი „ბორჯომის“, „სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები. პროექტი გახსნა MCERC-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, პროფ. მარიამ გერსამიამ. მან თავისი სესიის ფარგლებში, ისაუბრა თვითცენზურასა და გამოხატვის თავისუფლებაზე. "თვითცენზურასთან და შიშთან გამკლავებაში მნიშვნელოვანია კოლექტიური სტრესმედეგობა და ამ პრობლემის არა ინდივიდუალურ, არამედ სტრუქტურულ დონეზე გააზრება. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მხარდამჭერი და სანდო გარემო ნიუსრუმში, რომელიც მიეხმარება მას სტრესთან გამკლავებაში და სადაც შესაძლებლობა ექნება განიხილოს თვითცენზურასთან დაკავშირებული გამოწვევებიც".- აღნიშნა მან.


საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. ირინე ქურდაძემ, სესიის - „გამოხატვის თავისუფლება და მედია“ ფარგლებში, ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ადგილსა და როლზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ჟურნალისტების და მედიის როლზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და სხვ. "გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის აღმშენებლობაში, ვინაიდან ამ უფლების რეალიზაციის გარეშე შეუძლებელია სხვა უფლებებით ჯეროვნათ სარგებლობა. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი 2 ნაწილისაგან შედგება ა) გარანტირებული თავისუფლებები ბ) პირობები, როდესაც სახელმწოფოს შეუძლია კონკრეტული საფუძვლებით შეზღუდვების დაწესება" - აღნიშნა თავის გამოსვლაში ირინე ქურდაძემ.


მედიაში და მედიის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოცირებულმა პროფესორმა და MCERC-ის გამგეობის წევრმა მაია ტორაძემ. „თუ არ დაისმება კრიტიკული კითხვები, საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული და დემოკრატიის განვითარებას შეექმნება საფრთხე. თვითცენზურასთან დაკავშირებული გამოწვევები განსაკუთრებით ბევრია რეგიონულ მედიაში, ამიტომ რეგიონულ ჟურნალისტებს განსაკუთრებით სჭირდებათ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა”- აღნიშნა მაია ტორაძემ.


“მედიახმის” ექსპერტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრა ფემიციდის გაშუქების სპეციფიკასა და სტანდარტებზე. “ფემიციდის გაშუქებას თან ახლავს რისკები: მსხვერპლის დადანაშაულება, იდენტიფიცირება და დანაშაულის წახალისება. შეცდომებისგან არავინაა დაზღვებული, მაგრამ მნიშვნელოვანია კრიტიკის პარალელურად, სწორი გაშუქების პრაქტიკაც აღვნიშნოთ" - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.


რეგიონულმა ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიაში და გამოკვეთეს ფემიციდის გაშუქებისას ხშირად დაშვებული შეცდომები, იმსჯელეს რეკომენდაციებზე. ტრენინგზე განიხილეს რეალური მაგალითები და სავარჯიშოები. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.


“მედიახმის” ექსპერმა ზურა ვარდიაშვილმა კი ისაუბრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქების თავისებურებებზე. ექსპერტმა ხაზი გაუსვა ტერმინოლოგიის მნიშვბელობაზე და აღნიშნა რომ “დიდი მნიშვნელობა აქვს ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებას უმცირესობების ჯგუფებთან მიმართებით (სწორია: მუსლიმი და არა მუსლიმანი; სწორია: სომხური სამოციქულო ეკლესია და არა გრიგორიანული; და სხვ.)"


სესიის შემდეგ, მედიაექსპერტებმა და სამართლის ექსპერტებმა იმსჯელეს მგრძნობიარე და ნეიტრალური ტერმინოლოგიის გამოყენების მართებულობაზე უმცირესობების გაშუქების პროცესში.


საინტერესო დისკუსია გაიმართა პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ურთიერთობასა და პროფესიულ ეთიკაზე. მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიუღებელია ფამილიარული ურთიერთობები პოლიტიკოსებთან და მნიშვნელოვანია ფორმალური დისტანციის დაცვა. განიხილეს რეალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ამ თემებთან მიმართებაში და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.


"მედიახმის" პროექტში მონაწილე ჟურნალისტებმა შექმნეს საკუთარი გზავნილებიც.



24 ივლისს სოლიდარობის დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი მედიისა და აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ: ახალგაზრდული ცენტრი, “მწვანე ბორჯომი”,“ სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი” და “ოაზისი”. დისკუსიაში მოწვეული ექსპერტის რანგში, მონაწილეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და მედიაფსიქოლოგი ლიანა მარქარიანი.


"მედიისადმი სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან ფაქტობრივად არ არსებობს. მიზეზი ჩვენთვის გაუგებარია. სიტუაცია განსაკუთრებით გაუარესდაბოლო წლებში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ"- აღნიშნა ეკა ნოზაძემ (ტელეკომპანია "ბორჯომი");


"ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების სოლიდარობა. მახსენდება, "ფორმულას" რეგიონალური ჟურნალისტის სოლიდარობა, როდესაც მან გაიგო აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ტონი ჩვენ მიმართ, მან უთხრა, რომ საუბრის ასეთი ტონით გაგრძელების შემთხვევაში, არც ის გააშუქებდა პროტესტს"- აღნიშნა ნინო ვართაპეტიანი (ტელეკომპანია "ბორჯომი");


" ჩემს პრაქტიკაში, მახსენდება მთავრობის ერთ-ერთი სხდომა, როდესაც პრეს-ცენტრმა უარი თქვა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის კომენტარის გაკეთებაზე. ჟურნალისტებმ მიიღეს ერთიანი გადაწყვეტილება, დაედოთ კამერები და ასეთ შემთხვევაში, არცერთს გაეშუქებინა ამბავი" - აღნიშნა ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ.


“საზოგადოებისგან მოდის დამოკიდებულება, რომ ვალდებული ხარ გააშუქო, ხშირია აგდებული ტონით მომართვის ფაქტები. საზოგადოება პოლარიზებულია და ეს პოლარიზება გავლენას ახდენს მეიდაზეც"- თქვა ნინო ვართაპეტიანმა (ტვ "ბორჯომი").


"ზოგადად მედიის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გადამდებია. ცენტრალურ ტელევიზიაში ჩანს უარყოფითი დამოკიდებულება, ეს დამოკიდებულება იგრძნობა ხელისუფლების მხრიდანაც და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდანაც და ზამბარის პრიცნიპით ჩამოდის იგივე განწყობა რეგიონებშიც"- თქვა დარინა ხუციშვილმა (ტვ "ბორჯომი");


“ყველა, ვინც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, გარკვეული ზეწოლის ქვეშ ხვდება. ჟურნალისტები განსაკუთრებით. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება და ზოგადად საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული ჟურნალისტების მიმართ, რადგან ისინი ფრონტის წინა ხაზზე არიან"- ნათია მულაძე, ა/ო "მწვანე ბორჯომი".


"მნიშვნელოვანია უმცირესობების ჯგუფებმა დაინახონ, რომ მედიის ჩართვით ხდება სამოქალაქო ინტეგრირება და ასევე, საზოგადეობამ უკეთ გაიცნოს მრავალეთნიკური საქართველო. სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ არსებითია მედიის როლი"- ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი.


“რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გაშუქებისას, ძალიან გვინდა მოხდეს მათი ინტეგრაცია, გავაშუქოთ ყველაფერი სტანდარტის დაცვით, თუმცა გვავიწყდება რესურსები. დიდი სურვილის მიუხედავად ფინანსური რესურსების სიმცირის გამო ადგილობრივ მედიას ამ ყველაფრის რეალიზება უჭირს"- ეკა ნოზაძე, (ტვ "ბორჯომი");


"უმცრისობების გაშუქებისგან, ზოგჯერ ჟურნალისტები თავს იკავებენ, რადგან უარყოფითი უკუკავშირის მოლოდინია. ეს დაუშვებელია, ეს არის თვითცენზურის მაგალითი, უმცირესობების ინტეგრირება ვერ მოხდება თუ მათ ამბებს არ გავაშუქებთ"- ლიანა მარქარიანი (საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი).


ტვ “ბორჯომის” ჟურნალისტმა, დარინა ხუციშვილა კი აღნიშნა, რომ “სოლიდარობის განცდა ამ შეხვედრაზეც გაჩნდა რადგან ვიგრძენი, მარტო არ ვარ, იმავე მდგომარეობაშია თეონა, ეკა, ნინო, ყველა ჩვენგანი... არ აქვს მნიშვნელობა ცენტრალური მედიის წარმომადგენელი ხარ თუ რეგიონულის, პრობლემები და გამოსავლის გზები საერთო გვაქვს”.


„როცა მედიას არ ჰყავს მეგობრები (პოლიტიკოსები კი, არ არიან მედიის მეგობრები), მნიშვნელოვანია საზოგადოების მეტი მხარდაჭერა"- თქვა მარინა კუპატაძემ (სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი).

ბორჯომი შეხვედრის დასასრულს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრსა და სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს მარიამ გერსამიამ და მარინა კუპატაძემ.





მომდევნო თვეებში, მსგავსი ვორქშოფები და დისკუსიების მედიაში დასაქმებული პირების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტის „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და „პუბლიკა“.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


ტელეკომპანია "ბორჯომის" სიუჟეტი MCERC-ის პროექტზე: https://bit.ly/3z0PUFu








Comments


survey presentation_17 July
bottom of page