ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან - ეს შვედური პროექტია, რომლის ფარგლებშიც, 10 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ ჩვენება, დისკუსია და მომავალი ჟურნალისტების ტრენინგი გაიმართა.
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა. ბათუმში ნაჩვენები იყო ფილმი (2011), რომელიც რეალურ ისტორიაზე, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ შექმნაზეა დაფუძნებული და მასში მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან. კინოჩვენებისა და დისკუსიის შემდეგ გაიმართა ტრენინგი “რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედია გაშუქებაზე?“, რომელსაც გაუძღვა „მედიახმის“ აღმასრულებელი დირექტორი თეონა ცხომელიძე (რადიო „კომერსანტის“ დირექტორი); ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern/ „გლადა ჰუდიკ თეატრის“ მიერ, „შვედური ინსტიტუტის“ დაფინანსებით.