top of page

როგორ იცავს საერთაშორისო  ჰუმანიტარული სამართალი  ჟურნალისტებს შეიარაღებული  კონფლიქტისას?


„მედიახმის”მედიასამართლის ექსპერტ 

მარიკა გერსამიას ამ ბლოგში განხილულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (IHL) ის დებულებები, რომლებიც იცავს მედიას საომარი მოქმედებების დროს და ხელს უწყობს მათ შეუფერხებელ პროფესიულ საქმიანობას.




შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში მომუშავე ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ამიტომაც, ჟურნალისტთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისას, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის როლი. ისრაელ-ღაზას ომმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჟურნალისტებს. ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შედეგად, მინიმუმ 63 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა - ამის შესახებ ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული. მედიის თავისუფლების კოალიციამ 6 დეკემბერს მოუწოდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიების დაცვა იმ ჟურნალისტებისთვის, რომელბიც ისრაელი-ჰამასის კონფლიქტს აშუქებან.


საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გამოიყენება საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ჟენევის კონვენციების 1977 წლის I დამატებითი პროტოკოლი (API) უშუალოდ ეხება ჟურნალისტთა დაცვის ღონისძიებებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტური წესის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სახიფათო პროფესიულ დავალებაზე მყოფი ჟურნალისტები სამოქალაქო პირებად ითვლებიან (კონვენცია (IV), I დამატებითი ოქმი) და სარგებლობენ სამოქალაქო პირებისთვის კანონით მინიჭებული სრული დაცვით, რომელიც  საკმაოდ ყოვლისმომცველია. 


აკრძალულია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, შეიარაღებულ კონფლიქტურ ზონაში მყოფი მედია პროფესიონალების წინააღმდეგ მიმართული განზრახ თავდასხმები, მიზანმიმართული აგრესია, ძალადობა, დაშინება, შეურაცხყოფა, მძევლად აყვანა და სხვა უკანონო ქმედებები. ამ დებულებების უმრავლესობის დარღვევა ომის დანაშაულია. 


რა განსხვავებაა ომის კორესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის?


არის მნიშვნელოვანი განსხვავება „ომის კორესპონდენტებს“ (ჟენევის მესამე კონვენციის მე-4 A (4) მუხლი) და „ჟურნალისტებს“ (I დამატებითი პროტოკოლის

79-ე მუხლი) შორის[1]. ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და არ შეიძლება გახდნენ თავდასხმის ობიექტი. ომის კორესპონდენტების და სხვა ჟურნალისტების სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავდება მხოლოდ მაშინ, როცა ისინი აღმოჩნდებიან კონფლიქტში მონაწილე მხარის ხელში. სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის მესამე კონვენციის (GC III) შესაბამისად, სამხედრო ტყვეებად ითვლებიან მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრილი ომის კორესპოდენტები. ომის კორესპონდენტებს, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით, დატყვევებისთანავე ეძლევათ სამხედრო ტყვეს სტატუსი. ომის ჟურნალისტებს ოფიციალურად აქვთ უფლება - თან ახლდნენ შეიარაღებულ ძალებს. ამგვარად, ჰუმანიტარული სამართალი განასხვავებს კონფლიქტის ზონებში მომუშავე ჟურნალისტების ორ კატეგორიას: შეიარაღებულ ძალებში აკრედიტებული ომის კორესპონდენტები და სამოქალაქო სტატუსის მქონე ჟურნალისტები.


საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (IHL)-ის კატეგორიების მიხედვით, მედიაპროფესიონალი შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ომის კორესპონდენტი. თავად მედიაპროფესიონალი კი არის ნებისმიერი, რომელიც იძიებს, აგროვებს და/ან ავრცელებს სიახლეებს და ინფორმაციას შეიარაღებული კონფლიქტიდან. 


რა ხდება მაშინ, როცა ჟურნალისტს აკავებენ ომში? 


მედიის ყველა წარმომადგენელი დაცულია წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან. მათ ჰუმანურად უნდა მოეპყრონ „უსაფრთხოების საფუძველზე დაკავების“, იგივე  ინტერნირების და დაკავების დროს, როგორც საერთაშორისო, ისე არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში. ჟურნალისტის მძევლად აყვანა ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია. ჟენევის მე-4 კონვენციის თანახმად, ომში დაკავებულ ჟურნალისტებს აქვთ შემდეგი გარანტიები: ოჯახის წევრებთან კონტაქტის უფლება, ჰუმანური მოპყრობის უფლება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიზიტების უფლება. მათ უნდა მიეწოდოთ ეფექტური ჯანდაცვა. IHL-ის დებულებების თანახმად, მათ უფლება აქვთ მიიღონ საკმარისი საკვები, ტანსაცმელი და სამედიცინო დახმარება. უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი რელიგიური მრწამსი. უფლება აქვთ, დაუკავშირდნენ გარე სამყაროს, მათ შორის, აქვთ მიმოწერის უფლება მათ ოჯახებთან და დამსაქმებლებთან. 

ჟურნალისტები არ შეიძლება აიძულონ, იმსახურონ საოკუპაციო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში. საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში მედიის პროფესიონალებს შეიძლება მიეცეთ უფლება, შეინახონ პირადი საკუთრების ნივთები ინტერნირების (იძულებითი მოთავსება რომელიმე ადგილას, რომლის დატოვებაც ამ პირებს აკრძალული აქვთ)   ან პატიმრობის დროს, მათ შორის, ლეპტოპები (თუ შეიძლება იმის დადასტურება, რომ ეს არის პირადი სარგებლობისთვის). თუმცა, ბევრი პროფესიონალური ნივთი, როგორიცაა კამერები და ვალუტა, შეიძლება ჩამოერთვათ და დაუბრუნდეს გათავისუფლებისთანავე. IHL კრძალავს ძალადობის კონკრეტულ ტიპებს ნებისმიერ გარემოებაში. მაგალითად, სექსუალური ძალადობის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია IHL-ის ფარგლებში და არასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული მედიის პროფესიონალების წინააღმდეგ. ანალოგიურად, წამების გამოყენება არასოდეს არის ნებადართული საერთაშორისო სამართლის მიხედვით. 


ჟურნალისტების ინტერნირება


მედიის ინტერნირება[2] დაუშვებელია მოწინააღმდეგე ძალების მიერ, თუ ეს არ არის ,,აბსოლუტურად აუცილებელი“ უსაფრთხოების მიზნით. სიტყვა ,,ინტერნირება” გამოიყენება სპეციალურად საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში უსაფრთხოების მიზნით.  ჟენევის მე-4 კონვენციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო პირის ინტერნირება შეიარაღებული კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე ნებადართულია ,,მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია დამკავებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების გამო.” ინტერნირება არის გამონაკლისი ღონისძიება, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს სახელმწიფოს ამჟამინდელ ან მომავალ უსაფრთხოებაზე. ამ დროს სამოქალაქო პირის მოქმედება საზიანო უნდა იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის (ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, იმიტომ, რომ მათ განახორციელეს დივერსიული მოქმედებები). 


მედიის პროფესიონალი დაცულია წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან და მათ ჰუმანურად უნდა მოეპყრონ ინტერნირებისა და დაკავების დროს.  ინტერნირებულ მედიის წარმომადგენელს უფლება აქვს, მიიღოს სწრაფი ინფორმაცია მათი ინტერნირების მიზეზების შესახებ, დაუყოვნებლივ და პერიოდულად მიეწოდოს აღნიშნულზე ინფორმაცია; როდესაც მედიის წარმომადგენელი ინტერნირდება, უნდა ეცნობოს სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის იგი, ასევე უნდა ეცნობოს მის ოჯახს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს პირის ინტერნირების შესახებ.[3] როდესაც ინტერნირების მიზეზი აღარ არსებობს, მედიის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 


სამოქალაქო პირებზე, ანუ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის აკრძალვა ლოგიკურად გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მათ არ აქვთ უფლება უშუალო მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში.  რამდენადაც მედიის პროფესიონალები  მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ისინი დაცულნი არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით პირდაპირი და მიზანმიმართული თავდასხმებისგან, თუ ისინი არ ღებულობენ უშუალო მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. სამოქალაქო პირთა ზოგიერთი ჯგუფი სარგებლობს დამატებითი, სპეციალური დაცვით IHL-ის ფარგლებში. ქალები, მათ შორის მედია პროფესიონალები, ექვემდებარებიან განსაკუთრებულ დაცვას და პატივისცემას.


კიდევ რა იცავს ჟურნალისტის უსაფრთხოებას? 


უპირველესი წესი, რომელიც განსაზღვრავს საომარ მოქმედებებს, როგორც ხელშეკრულების, ასევე ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, არის განსხვავების პრინციპი. 1-ელ დამატებით ოქმში კოდიფიცირებულია ძირითადი წესი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს კონფლიქტის მხარეებისაგან: ,,… განასხვაონ ერთმანეთისაგან სამოქალაქო მოსახლეობა და მეომრები, ასევე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები და, შესაბამისად, მიმართონ ოპერაციები მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ”. საომარ მოქმედებათა წარმოების უმნიშვნელოვანესი წესების დარღვევა, გარკვეულ შემთხვევებში, სამხედრო დანაშაულია.


მეტი უსაფრთხოებისთვის,ომის ეპიცენტრში მყოფ ჟურნალისტებს აქვს სპეციალური სტატუსი. იმისათვის რომ, ჟურნალისტმა სპეციალური სტატუსით ისარგებლოს, მას უნდა ჰქონდეს ჟენევის III კონვენციით გათვალისწინებული ნიმუშის მიხედვით შედგენილი პირადობის მოწმობა. აღნიშნული მოწმობა უნდა იყოს გაცემული სახელმწიფოს მიერ, რომლის მოქალაქეცაა ჟურნალისტი ან რომლის ტერიტორიაზეც იგი მუდმივად ცხოვრობს, ან რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მისი დამსაქმებელი საინფორმაციო სააგენტო, რაც ადასტურებს ჟურნალისტის სტატუსს. 


მედიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა


საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები და ვალდებულებები ვრცელდება კონფლიქტის ნებისმიერ პირზე ან მხარეზე. მედია არა მხოლოდ სარგებლობს უფლებებით, არამედ მათ აქვთ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები IHL-ის ფარგლებში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს. მედია პროფესიონალებს შეიარაღებულ კონფლიქტებში შეიძლება დაეკისროთ ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი საერთაშორისო დანაშაულისთვის. დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს ქმედებებით ან სიტყვებით, მათ შორის პუბლიკაციებითა და გადაცემებით. მედიის საქმე რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში (რაც ეხება რუანდის გენოციდს  1994 წელს) არის მაგალითი იმისა, რომ სამი მედია პროფესიონალი დამნაშავედ ცნეს ამგვარ დანაშაულში. ამ შემთხვევამ დაადგინა შემდეგი მითითებები იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება იყოს პუბლიკაცია ან მაუწყებლობა დანაშაულებრივი. 


მედია პროფესიონალებმა უშუალო მონაწილეობა არ უნდა მიიღონ საომარ მოქმედებებში. საომარ მოქმედებად  შეიძლება ჩაითვალოს:


  • ომის აქტები, მათ შორის იარაღის აღება ან ძალადობის გამოყენება, რომელიც არ არის თავდაცვა;

  • სიძულვილის პროპაგანდის გამოქვეყნება, რომელიც სპეციალურად ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობას სამოქალაქო პირების ან კონფლიქტის მონაწილე მხარის წინააღმდეგ (განსხვავებით ერთი მხარის მხარდასაჭერი ზოგადი პროპაგანდისგან);

  • საინფორმაციო მედია, თუნდაც პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენებისას, სარგებლობს იმუნიტეტით თავდასხმებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან ომის დანაშაულების, გენოციდის ან ძალადობის აქტების წაქეზებისთვის;

  • თუ ჟურნალისტი აგროვებს ინფორმაციას კონფლიქტის მონაწილე მხარისთვის და გადასცემს მას, ან აძლევს მხარეს ნებართვას, გამოიყენოს თავისი საკომუნიკაციო აღჭურვილობა სამხედრო მიზნებისთვის;

  • კონფლიქტის მონაწილე მხარისთვის ტაქტიკური ინფორმაციის გადაცემა, როგორიცაა სამხედრო სამიზნეების ადგილმდებარეობა, როდესაც ასეთი ქცევა წარმოადგენს სამხედრო ოპერაციის ნაწილს, ის, სავარაუდოდ, სამხედრო ზიანს მიაყენებს კონფლიქტის მონაწილე მხარეს;

  • ჯაშუშობა/ჯაშუშობაში ჩართვა; 


მედია პროფესიონალები პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნებისმიერ საერთაშორისო დანაშაულზე, რომელსაც ისინი ჩაიდენენ. მედია პროფესიონალებს აქვთ პასუხისმგებლობა IHL-ის ფარგლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ინფორმაციის შეგროვებისას, შეიარაღებული კონფლიქტის მასალების გამოქვეყნების ან გადაცემისას. მედიაპროფესიონალები და მედიაორგანიზაციები ექვემდებარებიან IHL-ის პასუხისმგებლობას, რომელიც წარმოიქმნება კონფლიქტის ზონებში მედიის მუშაობის ოპერატიული ასპექტებიდან. 


IHL-ის წესები, რომლებიც იცავს სამოქალაქო პირებს უკანონო დაკავებისგან, არსებითად განსხვავდება საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში. ამ მიზეზით, ორივე ტიპის კონფლიქტი განიხილება ცალ-ცალკე. თუმცა, ზოგიერთი ფუნდამენტური წესი მოქმედებს როგორც საერთაშორისო, ისე არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში. 


მედიამ გამოხატვის თავისუფლების უფლება პასუხისმგებლობით უნდა გამოიყენოს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული კონფლიქტები, აუდიტორიას უნდა მიაწოდოს ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია. საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR) თავის მე-20 მუხლში ადგენს, რომ: 1) ომის ნებისმიერი პროპაგანდა აკრძალულია კანონით და 2) ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის ნებისმიერი ადვოკატირება, რომელიც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას, კანონით იკრძალება“. 


მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:


  • შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სახიფათო პროფესიულ დავალებაზე მყოფი ჟურნალისტები სამოქალაქო პირებად ითვლებიან. ისინი დაცულნი არიან, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟენევის კონვენციებითა და დამატებითი ოქმებით, როგორც საერთაშორისო, ისე არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში. სარგებლობენ ყველა იმ უფლებებით და  დაცვით, რომელიც მინიჭებული აქვს სამოქალაქო პირებს შეიარაღებულ კონფლიქტებში. 

  • ომის კორესპონდენტების და სხვა ჟურნალისტების სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავდება  მაშინ, როცა ისინი აღმოჩნდებიან კონფლიქტში მონაწილე მხარის ხელში. შესაბამისად, ომის კორესპონდენტებს, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით,დატყვევებისთანავე ეძლევათ 

  • IHL იცავს მედია პროფესიონალებს, როგორც სამოქალაქო პირებს, განზრახ და პირდაპირი თავდასხმისგან განსხვავების პრინციპით. განსხვავების პრინციპი მოითხოვს კონფლიქტის მხარეებისგან - განასხვავონ სამოქალაქო მოსახლეობა და მეომრები.

  • მეტი უსაფრთხოებისთვის,ომის ეპიცენტრში მყოფ ჟურნალისტებს აქვთ 

  • აკრძალულია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, შეიარაღებულ კონფლიქტურ ზონაში მყოფი მედიაპროფესიონალების წინააღმდეგ მიმართული განზრახ თავდასხმები, მიზანმიმართული აგრესია, ძალადობა, მძევლად აყვანა, დაშინება, შეურაცხყოფა და სხვა უკანონო ქმედებები. ამ დებულებების უმრავლესობის დარღვევა წარმოადგენს ომის დანაშაულს. 

  • მედია არა მხოლოდ სარგებლობს უფლებებით, არამედ მათ აქვთ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები IHL-ის ფარგლებში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს. მედიაპროფესიონალებმა არ შეიძლება, უშუალო მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში. შეიარაღებულ კონფლიქტში მედია პასუხისმგებელია დაიცვას IHL-ის წესები.



[1] ჟენევის კონვენციები და დამატებითი ოქმები, ხელმისაწვდომია:


[2] ადამიანის უფლებათა ლექსიკონის მიხედვით, ინტერნირება  არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით გარკვეული კატეგორიის უცხოელების იძულებითი მოთავსება რომელიმე ადგილას, რომლის დატოვებაც ამ პირებს აკრძალული აქვთ. ი-ს მიმართავენ მეომარი სახელმწიფოები მტრული სახელმწიფოს სამხედრო ტყვეების, ან სხვა მოქალაქეების მიმართ, ნეიტრალური სახელმწიფოები კი მეომარი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ. \ ი-ს რეჟიმი რეგულირდება 1949 წლის ჟენევის და 1907 წლის ჰააგის კონვენციებით; ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ.


[3] მედია პროფესიონალების დაცვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, ავტორი: Alexandre Balguy-Gallois; 2004 წელი; ხელმისაწვდომია: https://www.icrc.org/en/doc/assets/files/other/irrc_853_gallois.pdf (ბოლო ნახვა: 05.12.2023), მედია  პროფესიონალები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი 


Comments


survey presentation_17 July
bottom of page