top of page

რეპრესიების მედიადღიური ჟურნალისტების წინააღმდეგ


"რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად იზრდება ძალადობის შემთხვევები მედიასა და ჟურნალისტებზე. "მედიახმა" იწყებს ამ შემთხვევების დოკუმენტირებას და ლაივ-ბლოგის წარმოებას, რომელიც განახლდება ყოველდღიურად.


2024 წლის 9 მაისიდან დღემდე

 

ხელისუფლების მხარდამჭერი მოძალადე 

ჯგუფები აგრძელებენ ჟურნალისტების დაშინებისა და სტიგმატიზაციის მცდელობებს,რომლებიც 

მიზნად ისახავს ჟურნალისტების კრიტიკული 

ხმების ჩახშობას.თავდასხმები უკავშირდება 

ჟურნალისტების ჩართულობას ანტი-რუსულ საპროტესტო კამპანიებში.


9 მაისს, ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა “მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის სახლთან და ოფისთან გააკრეს სიძულვილის 

ენის, სტიგმატიზაციისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერები. ასეთივე შინაარსის პოსტერები გააკრეს საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის ნინო ზურიაშვილის საცხოვრებელ კარზე. 10 მაისს ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანაც დააზიანეს. აღნიშნული ინცინდენტების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე".

 

საგანგაშოა, რომ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს რეპრესიები, რომელიც ხორციელდება კრემლის სტილში და პუტინის მიერ დამკვიდრებული 

პრაქტიკის მიხედვით. სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების მისამართითსატელეფონო მუქარები 6 მაისს დაიწყო. მუქარები რამდენიმე დღე აქტიურად მიმდინარეობდა. სატელეფონო ზარებს მოჰყვა ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუცმენმა“ შესაბამის უწყებებს მიმართა 

სამი ჟურნალისტის (ნინო ზურიაშვილის,ნანა ბიგანიშვილისა და ნათია 

კუპრაშვილის) მიმართ გამოვლენილი მუქარის,სისტემური დევნის და 

პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტების შესწავლის საქმეზე.13 მაისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე საქმე აღძრა.

 

9 მაისს ცნობილი ბლოგერი უჩა აბაშიძე საცხოვრებელი სახლიდან დააკავეს, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ბლოგერი უჩა აბაშიძე სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითაა დაკავებული, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ 

კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, როგორც ბლოგერის ოჯახის წევრები და იურისტები განმარტავენ, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას ამოღებულ მტკიცებულებებში, მხოლოდ ორი იარაღია ნამდვილი და სათანადო წესით რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიები აღმოჩნდა, რადგან ბლოგერი სტრაიკბოლს თამაშობს. ბლოგერის დაკავებას წინ უსწრებდა მუქარები, რის გამოც ბლოგერმა წინასწარ ჩაწერა ვიდეო მისი შესაძლო დაკავების შესახებ.  კრიტიკული განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. 11 მაისს დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ აბაშიძე. ბრალდების მხარე უჩა აბაშიძესა და მის ცოლს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება. გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა“.


10 მაისს ღამით, ტვ პირველის შენობასთან ჟურნალისტებმა დააფიქსირეს  სავარაუდო მოძალადეები, რის შესახებაც მათ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. "ტვ პირველთან" ჩასაფრებისა და რეაგირების შესახებ ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ის შსს-ს ვერაფერს ეტყვის.


ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშის მიხედვით, 15-ზე მეტი ჟურნალისტი იყო ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი მას შემდეგ, რაც კანონი ხელახლა დააინიცირეს 3 აპრილს და მესამე მოსმენით მიიღეს 14 მაისს.


ძალადობისა და დაშინების ობიექტები იყვნენ არა მხოლოდ მედიის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათ შორის, 14 მაისს "მედიახმის" დამფუძნებელი საკუთარი სახლის წინ სცემეს და მიზეზად დაუსახელეს ის, რომ მას არ მოსწონს "რუსული კანონი".


28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, ონლაინ მედიას აკრძალული ჰქონდა შესვლა, მათ შორის, აკრედიტებულ ჟურნალისტებს. პარლამენტში შეზღუდულად იყვნენ დაშვებული ტელევიზიების გადამღები ჯგუფები, სხვა მედიებისთვის კი აკრძალვა მოქმედებს 8 აპრილიდან — იმ დღიდან, როცა პარლამენტის ბიუროზე რუსული კანონი გაიტანეს.


2024 წლის 27 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) წერილობით გააფრთხილა მმართველი გუნდისადმი კრიტიკულად განწყობილი "მთავარი არხი" ივლისში გაშვებული იმ ვიდეოკლიპების გამო, რომლებიც უარყოფითად წარმოაჩენდნენ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის მომხრე პარლამენტარებს. GNCC-მ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ხელს უწყობდნენ გარკვეული დეპუტატების მიმართ უარყოფითი განწყობის გაღვივებას, რაც კომისიის განცხადებით იყო პოლიტიკური რეკლამა და განთავსებული იყო დარღვევით. აღნიშნული ქმედება "მთავარი არხის" მიმართ შეფასდა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად.


2024 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და Azel.TV-ის ხელმძღვანელის აფღან სადიგოვი. ჟურნალისტს ემუქრება შესაძლო ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც ის ადრე ორჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური მოტივით. ეს კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში წინასაარჩევნო, ისედავ გაუარესებულ მედიაგარემოს, ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეებს, რომელთაც დევნილობაში მყოფი ჟურნალისტები საქართველოში აწყდებიან. წინასაარჩევნოდ, ამ შემთხვევამ შესაძლოა გააძლიეროს შიშის ატმოსფერო და თვითცენზურა ჟურნალისტებში. აზერბაიჯანელი ჟურნალისტების უსაფრთხოების თემა განსაკუთრებით გაამწვავა 2017 წელს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებამ საქართველოში, რომელსაც იძულებით გადაიყვენეს აზერბაიჯანში, სადაც მას ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნული სიტუაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ საერთაშორისო ყურადღებასა და რეაგირებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჟურნალისტების უფლებების დაცვა და პრესის თავისუფლების შენარჩუნება საქართველოში. უფრო მეტი იხილეთ "მედიახმის" განცხადებაში.

Commentaires


survey presentation_17 July
bottom of page