გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის განმტკიცებაში თავისუფალი მედიის ფუნდამენტური როლიდან გამომდინარე. მედიის თავისუფლება და პლურალიზმი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი კომპონენტებია.
საქართველოში ჟურნალისტის ერთ-ერთი უფლება წყაროს კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
ამ კონტექსტში საინტერესოა ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის ევროპული სტანდარტები. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მრავალჯერ გაუსვა ხაზი მედიის განსაკუთრებულ როლს, რომლის თავისუფლების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროების კონფიდენციალურობის დაცვაა. ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არამხოლოდ ინფორმაციებისა და იდეების შინაარსს, არამედ მათი გავრცელების გზებსაც. მსგავსი დაცვის უზრუნველყოფის გარეშე, ,,ინფორმაციის წყაროები თავს შეიკავებენ პრესას მიაწოდონ ინფორმაცია საჯარო მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. ამ ყველაფრის შედეგად კი ძირი გამოეთხრება პრესის მთავარ ფუნქციას - მოდარაჯის (Watchdog) როლი შეასრულოს და საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია".
პირველი პრეცედენტული საქმე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა არის ,,გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”. სასამართლომ დაადგინა:,,ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს დაცვა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ამგვარი დაცვის გარეშე, ჟურნალისტთა წყაროებს შეიძლება ხელი შეეშალოთ, დაეხმარონ პრესას საზოგადოების ინფორმირებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. შედეგად, პრესის, როგორც „მოდარაჯის“ როლი შეიძლება დაკნინდეს და ხელყოფილ იქნეს პრესის უნარი, უზრუნველყოს ზუსტი და სანდო ინფორმაციის გავრცელება.“
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტური წყაროების გამჟღავნებას ,,მსუსხავი ეფექტი” შეიძლება მოჰყვეს და ამგვარი ზომა შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლებასთან (კონვენციის მე-10 მუხლთან), სანამ ის არ იქნება გამართლებული ,,ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესით.“
ჟურნალისტების უფლება, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო დაცულია სხვადასხვა რეზოლუციითა და რეკომენდაციით, მაგალითად:
მასმედიის პოლიტიკის შესახებ მე-4 ევროპულ მინისტერიალურ კონფერენციაზე 1994 წელს მიღებული ჟურნალისტის თავისუფლებებისა და უფლებების შესახებ რეზოლუცია;
ევროპული პარლამენტის 1994 წლის რეზოლუცია ჟურნალისტის წყაროების კონფიდენციალურობის შესახებ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის რეკომენდაცია (No. R(2000) 7).
ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების დაცვა მნიშვნელოვანი პირობაა ჟურნალისტური მუშაობისთვის და თავისუფლებისთვის. 1996 წლის შემდეგ (გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჟურნალისტთა წყაროს კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით, არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის პრეცედენტულ სამართალში, აღსანიშნავია საქმეები: გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Goodwin v. the United Kingdom), 1996 წ; ნაგლა ლატვიის წინააღმდეგ (Nagla v. Latvia), 2013 წ; ვოსკვილი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Voskuil v. the Netherlands), 2007 წ; ტილაკი ბელგიის წინააღმდეგ (Tillack v. Belgium), 2007 წ; რესიოტი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, გორმუსი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ბეკერი ნორვეგიის წინააღმდეგ (Becker v. Norway), 2017 წ; და სხვები.
აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე ,,სანომა უიტგევერს ნიდერლანდების წინააღმდეგ”, რომელიც ეხებოდა პოლიციის მიერ მასალების ჩხრეკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია ჟურნალისტის წყაროს იდენტიფიცირება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ჟურნალისტის წყაროს დაცვის უფლებაში ნებისმიერ ჩარევას, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს მათ იდენტიფიცირებამდე, თან უნდა სდევდეს სამართლებრივი, პროცედურული გარანტიები, რომლებიც სადავო პრინციპის მნიშვნელობის პროპორციულია. უპირველესი ასეთი გარანტია არის საქმის განხილვა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია დაადგინოს, არსებობდა თუ არა საზოგადოებრივი ინტერესის მოთხოვნა, რომელიც გადაწონიდა ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპს, ნებისმიერი რელევანტური მასალის გადაცემამდე."
საქმეში ,,რომენი (Roemen) და შმიტი (Schmit) ლუქსემბურგის წინააღმდეგ”, სასამართლომ ჟურნალისტის სახლისა და სამუშაო ადგილის ჩხრეკა, დანაშაულის შესაძლო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოტივით, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით, "სტატიაში განხილული საკითხის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, რის გამოც ჟურნალისტის უფლებაში ჩარევა ვერ იქნება თავსებადი კონვენციის მე-10 მუხლთან".
საქმეში ,,მარტინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ”, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებლია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,ბეკერი ნორვეგიის წინააღმდეგ”, სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. მომჩივანი დავობდა, რომ მას, კონვენციის მე-10 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების საწინააღმდეგოდ, აიძულეს ჩვენების მიცემა, რომელსაც შეეძლო ჟურნალისტის ერთი ან უფრო მეტი წყაროს იდენტიფიცირება. სტრასბურგის სასამართლოს უნდა ემსჯელა იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მიმოიხილა ჟურნალისტის წყაროს დაცვასთან დაკავშირებული პრეცედენტული სამართალი, კერძოდ, ზემოხსენებული გუდვინის საქმე.
სასამართლომ აგრეთვე გაიხსენა საქმე ,,ნაგლა ლატვიის წინააღმდეგ”, რომელიც ეხებოდა პოლიციის მიერ ცნობილი ჟურნალისტის სახლის ჩხრეკას და მეხსიერების ბარათების ამოღებას. საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილი იყო წყაროს ვინაობა ჟურნალისტის სამუშაო ადგილის გაჩხრეკამდე. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტის წყაროს დაცვის უფლება ამ შემთხვევაზეც გავრცელდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ჟურნალისტთა უფლება - არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო არ არის უბრალო პრივილეგია, რომლის არსებობაც დამოკიდებულია მათი წყაროს კანონიერებასა ან უკანონობაზე. ეს უფლება ინფორმაციის უფლების შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული.’’
ევროპის საბჭოს R(2002)7 რეკომენდაციის განმარტებით მემორანდუმში აღნიშნულია, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მფლობელი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჟურნალისტი, არამედ მისი დამქირავებელიც. აღსანიშნავია, რომ საქმეზე ,,დე ჰეის და ჯიჯსელსი (De Haes and Gijsels) ბელგიის წინააღმდეგ”, მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ ,,ჟურნალის რედაქტორი და იქ მომუშავე ჟურნალისტი ერთნაირად სარგებლობენ უფლებით არ გაამჟღავნონ წყარო კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად.”
ხელისუფლების ორგანოებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებს, რომლებიც დადებითად და კეთილგანწყობილად შეიძლება იქნეს მიჩნეული, არამედ ასევე იმ იდეებსა და მოსაზრებებს, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და ამმაშფოთებელი შეიძლება იყოს. ევროპული სასამართლოს განმარტებით სწორედ ეს არის პლურალიზმი, ტოლერანტობა და გლობალურად აზროვნება, რომლის გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“(გადაწყვეტილება საქმეზე ,,ვან ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ, 2004 წ.)
ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობა, როგორც გამოხატვის თავისუფლების ასპექტი, არ არის აბსოლუტური უფლება და ის შესაძლოა ლეგიტიმურად შეიზღუდოს. გარკვეული გამონაკლისები ძალიან მკაცრად უნდა დადგინდეს და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა იყოს დამაჯერებელი. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ჟურნალისტისთვის წყაროს გამხელის ვალდებულების დაკისრება არ შეიძლება შესაბამისობაში იყოს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი გამართლებულია საჯარო ინტერესის მოთხოვნით, რომელიც ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობას გადაძალავს.
განსაკუთრებული ტვირთი აკისრიათ სახელმწიფოებს დამაჯერებლად წარმოადგინონ ის არგუმენტები, რომლებიც მეტყველებენ შეზღუდვის კანონიერებასა და პროპორციულობასთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს კანონიერების პრინციპს, ანუ აქვს თუ არა შეზღუდვას კანონიერი საფუძველი ეროვნული საკანონმდებლო ნორმებით. შეზღუდვები შესაძლებელია გამართლებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი: ა) გათვალისწინებულია კანონით; ბ) ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს; გ) აუცილებელი და პროპორციულია ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის; „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს აბსოლუტურ დაცვას ითვალისწინებს. კანონში მოცემულია ,,აბსოლუტური პრივილეგიის“ განმარტება, რაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას ნიშნავს.
კიდევ ერთ საქმეში “Sunday Times გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ,,პრესის როლია იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე... მასზე დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს ინფორმაციისა და შეხედულებების გავრცელება პოლიტიკურ საკითხებზე ისევე, როგორც საჯარო ინტერესების სფეროებზე. ასეთი ინფორმაციის და მოსაზრებების გავრცელება პრესის ამოცანაა და ამასთან, საზოგადოებასაც აქვს მათი მიღების უფლება”.
საზოგადოებას აქვს უფლება, კარგად იყოს ინფორმირებული დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ. ძლიერი მედიასივრცე, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ჩვენი დემოკრატიის მედეგობის აუცილებელი წინაპირობაა. როგორც საქმეში “ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” აღნიშნულია “გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთი-ერთი საფუძველია და ერთ-ერთი ძირეული წინაპირობა საზოგადოებრივი ხედვის განვითარებისათვის, ისევე, როგორც ინდივიდუალური თვითრეალიზაციისთვის”.
რა უნდა გვახსოვდეს:
ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობა დაცულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებით და რეზოლუციებით, განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, "პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა". ამ უფლებაში ჩარევა საქართველოს კონტექსტში დაუშვებელია, რომ მართლზომიერი იყოს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თვალსაზრისით.
კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არამხოლოდ ინფორმაციებისა და იდეების შინაარსს, არამედ მათი გავრცელების გზებსაც; ჟურნალისტთა უფლება, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო, არ არის უბრალო პრივილეგია და ეს დაცვა მოქმედებს მაშინაც, როდესაც საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილია ჟურნალისტის წყაროს ვინაობა;
მედიის თავისუფლების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროების კონფიდენციალურობის დაცვაა. დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი წყაროს იდენტიფიცირებაა. ჟურნალისტის დავალდებულება, გაამხილოს ინფორმაციის წყარო, წარმოადგენს მისი გამოხატვის თავისუფლების (უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია) ხელყოფას.
წყაროს კონფიდენციალურობის გათქმამ შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ იქონიოს და დააბრკოლოს საზოგადოება, მოახდინოს ჟურნალისტის ინფორმირება საჯარო ინტერესის მქონე თემებზე. შედეგად პრესამ შეიძლება დაკარგოს თავისი სასიცოცხლო ფუნქცია.
დაუშვებელია შეზღუდვა, თუ ის მიმართულია რომელიმე მთავრობის გასაკრიტიკებლად, რადგან ჟურნალისტიკამ უნდა შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა - მოდარაჯის ფუნქცია და მუდმივი კრიტიკისა და კონტროლის ქვეშ ჰყავდეს მთავრობა.
ავტორის შესახებ: მარიკა გერსამია არის იურისტი, „მედიახმის“ მედიასამართლის მიმართულების ხელმძღვენელი და მკვლევარი. 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საჯარო სამსახურებში და კერძო სექტორში საქმიანობის 15 წელს. წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებებში, საერთაშორისო პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო ჯგუფებში.
コメント