top of page

მედიის სოლიდარობის ფორუმი „მედიახმა საქართველოდან“

8 სექტემბერს, ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრმა (MCERC) უმასპინძლა მედიის სოლიდარობის ფორუმს სახელწოდებით „მედიახმა საქართველოდან“.



ფორუმს ესწრებოდნენ ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები. მედიის სოლიდარობის ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვითცენზურა“ ფარგლებში.



ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღეს მედიის სოლიდარობის ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა. ელჩი მიესალმა „მედიახმის“ პროექტის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ელჩმა ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმაში მედიაგარემოს კომპონენტზე და გამოხატა მხარდაჭერა ქართული მედიის მიმართ.


სტუმრებს მიესალმნენ MCERC-ის თავმჯდომარე, პროფესორი მარიამ გერსამია და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე.


მედიის სოლიდარობის ფორუმზე პირველი სესია მიეძღვნა თემას: „სოლიდარობა - მხარდამჭერი მედიაგარემოსთვის: გამოხატვის თავისუფლება და თვითცენზურა მედიაში“. სესიას მოდერაციას უწევდა პროფ. მარიამ გერსამია. სესიის ფარგლებში საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, თამარ ალექსიძემ, ისაუბრა გამოხატვის თავისუფლებასა და თვითცენზურაზე საერთაშორისო სამართლის კონტექსტში.


„მედიის მიმართ სოლიდარობას ვხედავთ მაშინ, როცა კრიზისია, თუმცა საზოგადოების მხრიდან მედიის და ჟურნალისტების მხარდაჭერა მაინც სუსტია. რა არის ამის მიზეზი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის (მათ შორის მედიის მხრიდან), რომ მხარდამჭერი გარემო გაძლიერდეს?“ - ამდასხვათემებზე ისაუბრა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ავტორმა და წამყვანმა გიორგი თარგამაძემ.

"სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაცია გვჭირდება. ერთად უნდა ვიფიქროთ, რა თემებით შეგვიძლია მივმართოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ხელისუფლებას, რათა საჭირო პროცესები პრაქტიკაში დაინერგოს,"- აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.


“რამდენად დააზიანა მედიის სიცოცხლისუნარიანობა იმან, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ციხეშია და იდევნება? მედიის სოლიდარობის დღეს რა გზავნილი გვაქვს იმ ჟურნალისტების და მედიამფლობელების მიმართ, როლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო იდევნებიან? “ - ამ საკითხზე ისაუბრა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა და წამყვანმა ნათია გოგსაძემ."ვარ ჟურნალისტი, ნიშნავს, ვიბრძოლო გადარჩენისთვის, რომ ჩემი ეკრანი არ ჩაქრეს,"- თქვა ნათია გოგსაძემ.


„არცერთი ამბავი მოწყვლად ჯგუფებზე მოწყვლადი ჯგუფების გარეშე!“ - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, საავტორო გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორმა და წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა. მან ისაუბრა, თუ რა უნდა შეიცვალოს მოწყვლადი ჯგუფების გაშუქებაში, რომ მათი უფლებები იყოს უფრო დაცული და რა როლი აქვს ამ პროცესში საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ნინო ზაუტაშვილი: "ჟურნალისტური ეთიკისა და ვალდებულების საგანია საეთერო დროის სწორედ გამოყენება და ადეკვატურად გადანაწილება. სადაც გაგვიბედეს ნიკა გვარამიას დაჭერა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, ჩვენ ვალდებულები ვართ საკადრისი პასუხი გავცეთ საზოგადოებას. საქართველოში არის ხალხი ვინც იცის, როგორი ქვეყანა უნდა გვქონდეს და რა არის საჭირო საქართველოს აღორძინებისთვის - ამ ადამიანებს უნდა ეთმობოდეს ჩვენი ეთერი...სარეკლამო დროის შემცირებამ გამოიწვია დაფინანსების წყაროს შეზღუდვა. მედია დღეს იბრძვის გადარჩენისთვის."- განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

მეორესესია დაეთმო თემას - „რატომ სოლიდარობის ჟურნალისტიკა?“. სესიის ფარგლებში თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ტორაძემ ისაუბრა როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო სივრცეში „სოლიდარობის ჟურნალისტიკის“ და ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტის ინტეგრირება.


ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა ზურა ვარდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მედიის მხრიდან მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირების პროცესზე. მან ასევე ისაუბრა, თვითცენზურის რისკებზე, ჟურნალისტებისთვის მხარდამჭერი და სანდო გარემოს შექმნაზე უშუალოდ ნიუსრუმებში.


ჟურნალისტმა და მედიაექსპერტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრა სოლიდარობის ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე: "საქართველოში მედია პოლარიზებულია და, სამწუხაროდ, ეს მოცემულობა ხვალ ვერ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, ამ პირობებშიც კი არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შეგვიძლია, მათ შორის, ესაა ადამიანის უფლებების დაცვა მედიის მხრიდან. აუცილებელია ამ თემაზე ვიმუშაოთ.“

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა და გადაცემის წამყვანმა,დავით ქაშიაშვილმა, ისაუბრა სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე, მოწყვლადი ჯგუფების გაშუქების საკითხებზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მედიის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვა აქტუალური იყოს არა ფრაგმენტულად, არამედ პერმანენტულად.


ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემის ავტორმა და წამყვანმა, ნინო არაზაშვილმა ისაუბრა შემეცნებითი გადაცემების როლზე მედიის სოლიდარობის საკითხში და ყურადღება გაამახვილა თუ როგორ უნდა გაიზარდოს მედიის მიმართ ნდობა საზოგადოების მხრიდან.


ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღე 1958 წლიდან, ჩეხი ჟურნალისტის უილიუს ფუჩიკის ხსოვნის აღსანიშნავად დაწესდა. ჩეხი ჟურნალისტი მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა ჟურნალისტური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და მოკლეს.


მთელი თვის მანძილზე, ამ თარიღთან დაკავშირებით, MCERC-ის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვა აქტივობები (ვებინარი, დისკუსიები, პოდკასტები).

ფორუმის მედიაგაშუქება:


ტელეკომპანია "მთავარი არხი": https://youtu.be/TD0WU9u1k_0

ტელეკომპანია "ტვ პირველი": https://youtu.be/60DdMzeF5ik

ტელეკომპანია "ფორმულა": https://youtu.be/EaMjnR5tfSk

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველია არხი: https://youtu.be/Sl00k4aQA0M

댓글


survey presentation_17 July
bottom of page