3 მაისს "მედიის თავისუფლების კოალიციამ" 2024 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჩვენ, მედიის თავისუფლების კოალიციის (Media Freedom Coalition) ხელმომწერი წევრი ქვეყნები, ვაღიარებთ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მნიშვნელოვან და შეუცვლელ როლს - გაავრცელონ ზუსტი ინფორმაცია კაცობრიობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს საზოგადოებასა და კაცობრიობას.
წლევანდელი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის თემაა „პრესა პლანეტისთვის: ჟურნალისტიკა გარემოსდაცვითი კრიზისის პირისპის“. ჩვენს წინაშე არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებთან გასამკლავებლად, ჟურნალისტიკის როლი ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. თუ სამყაროს სურს, ეფექტიანად, ყველას ჩართულობით, გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებას და მასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით კრიზისებს, მას სჭირდება სწორედ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც ახსნიან არსებულ კრიზისს, გამოკვეთენ და განიხილავენ პოტენციურ გამოსავლებს, კლიმატის შესახებ არსებული მის-და დეზინფორმაციის პირობებში შეძლებენ საზოგადოებას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. ამასთან, კლიმატის კრიზისით მოწყვლადი ჯგუფების ხმასაც გააჟღერებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკვლევენ და აშუქებენ გარემოსდაცვით საკითხებს, ზოგჯერ საკუთარი უსაფრთოებისა და სიცოცხლის გარისკვის ფასადაც კი.
ჟურნალისტები მხოლოდ გარემოსდაცვითი კრიზისის გაშუქებისას არ აწყდებიან ფიზიკურ, იურიდიულ, ციფრულ თუ ფსიქოსოციალურ საფრთხეებს. დღეს ჟურნალისტები მსოფლიოში (მთელი თავისი მრავალფეროვნებით), უპრეცედენტო საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, რაც მათ ხელს უშლის გაავრცელონ ინფორმაცია შიშისა და მაამებლობის გარეშე.
მედიის წინაშე არსებული საფრთხეები მოიცავს კანონის ბოროტად გამოყენებას ჟურნალისტების წინააღმდეგ. მათ შორისაა კანონები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობა, იქნება ეს არასაჭირო „ყალბი ამბების“ კანონები, თუ კანონები, რომლებიც მედიას ადმინისტრაციულ ან ფინანსურ შეზღუდვებს უწესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, რომ კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
საფრთხეები მოიცავს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ სხვადასხვა ფორმის ძალადობას, მათ შორის კონფლიქტის პირობებში და მის მიღმა მომხდარ მკვლელობებს, რომელსაც თან ახლავს მაღალი დონის დაუსჯელობა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჟურნალისტებსა და მედიაში დასაქმებულებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და კონფლიქტების პრევენციაში – თუმცა ეს საქმიანობა მათ დაშინების, შევიწროებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე აყენებს. MFC კვლავ ღრმად შეშფოთებულია კონფლიქტურ სიტუაციებში ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და ძალადობის გამო. ჟურნალისტები სამოქალაქო პირები არიან, მათ იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და არ უნდა იქცნენ სამიზნედ. აუცილებელია ჟურნალისტებსა და მედიამუშაკებზე თავდასხმების ფაქტების დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, რათა დამნაშავეებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი აგონ.
საფრთხეები მოიცავს მწვავე ეკონომიკურ გამოწვევებს, სირთულეებს ახალი ამბების ისეთი ბიზნეს-მოდელების შემუშავებაში, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა როგორც ხარისხის, ისე - დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. არსებობს არაერთი საფრთხე ონლაინ-სფეროში, რომელიც მოიცავს ონლაინ შევიწროებასა და მის-და დეზინფორმაციას, ინტერნეტის გათიშვასა და თვალთვალის ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებას (მაგ., კომერციული შეჭრის პროგრამული უზრუნველყოფა - ზოგჯერ მოიხსენიება როგორც spyware - რაც გამოიყენება ჟურნალისტების საქმიანობის სათვალთვალოდ).
ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ტექნოლოგიების ბოლოდროინდელი მიღწევები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი აჩენს ახალ შესაძლებლობებს როგორც მედიასექტორში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ამ ტექნოლოგიის საინფორმაციო ველის მანიპულირების მიზნით გამოყენებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოქალაქეებს, რომ ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე.
მსოფლიოს მრავალ მედიაორგანიზაციაში ჩვენ ვხედავთ ქალ ჟურნალისტებს, რომლებზეც არაპროპორციულად მოქმედებს კლიმატის კრიზისი. ისინი აწყდებიან კონკრეტულ გამოწვევებს და საფრთხეებს, მათ შორისაა ონლაინ სივრცეში გენდერული შევიწროება და გენდერულად მოტივირებულ დეზინფორმაციის გავრცელება. ასევე, არსებობს ბარიერები მაღალ თანამდებობებზე ქალთა წამომადგენლობის კუთხით.
გარდა ამისა, MFC-ს სურს ყურადღება გაამახვილოს კრიზისულ სიტუაციებზე მთელს მსოფლიოში, რომლებსაც "დავიწყებულ კრიზისებს" უწოდებენ. იქ მცხოვრები მედიის წარმომადგენლები უდიდესი რისკის ქვეშ არიან. თუ ჟურნალისტები ვერ შეძლებენ გააშუქონ ასეთი კრიზისები, და თუ არ იქნება საერთაშორისო ყურადღება, ეს კრიზისები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
მედიისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი და მისი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობა. უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების წინაშე, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩვენ სწორედ მედიის თავისუფლება უნდა დავიცვათ.
განცხადების ტექსტი ინგლისურად იხ: https://mediafreedomcoalition.org/joint-statement/2024/world-press-freedom-day-2024/
Kommentare