მედიის თავისუფლების კოალიცია ავრცელებს განცხადებას ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
"მედიის თავისუფლების კოალიცია, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების საერთაშორისო დღესთან (2 ნოემბერი) დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებსა და მედიაში დასაქმებულებს აქვთ შეუცვლელი როლი ყველა ინდივიდის გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობაში.
წელს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესებში. 2024 წელს, 54 ქვეყანაში 65 არჩევნები ტარდება. გადაჭარბების გაშე შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი გავლენას მოახდენს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე. კონსოლიდირებული დემოკრატიული პროცესები ეყრდნობა ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ დინებას, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლით. პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გარდა, სწორედ მედია არის საზოგადოებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო და გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცედურების ძირითადი ხელშემწყობი.
შეშფოთებას იწვევს არჩევნების დროს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და დანაშაულის ფაქტები. 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე, იუნესკომ დაარეგისტრირა არჩევნების პროცესში მომხდარი ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე. სულ მცირე, 70 ქვეყნის 89 არჩევნებში 759 ჟურნალისტსა და მედიის პროფესიონალზე თავდასხმა მოხდა და აქედან, 42% სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელდა. ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და დაუსჯელობის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში (UN Secretary-General’s report on the Safety of Journalists and Impunity ) 2023 აღნისნულია, რომ პოლიციის მიერ არალეტალური საბრძოლო მასალის (დაწყებული რეზინის ტყვიებით დამთავრებული წიწაკის სპრეით) გამოყენებით დაშავდა ათობით ჟურნალისტი. ბევრი ჟურნალისტი დააკავეს, სცემეს და ისინი გახდნენ სხვადასხვა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები.
ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო გავრცელების პირობებში, ჟურნალისტებსა და მედიაზე ზეწოლა, შეზღუდვები და სტიგმატიზაცია ონლაინ სფეროზეც ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლია გააფართოვოს და გააძლიეროს მოქალაქეთა ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, ონლაინ ძალადობა, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია სულ უფრო მეტად აზიანებს ჟურნალისტებსა და მედიაში დასაქმებულებს (განსაკუთრებით კი ქალ ჟურნალისტებს). ამას ემატება კიბერ-აქტორების მხრიდან წამოსული საფრთხეები, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ კომერციული პროგრამული შეტევის გამოყენება (ე.წ. spyware). ინტერნეტის გათიშვა ხელს უშლის მოქალაქეებს გამოიყენონ თავისუფალი გამოხატვის უფლება არჩევნებზე და ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და მედიის დამკვირვებლის როლის გაძლიერებას არჩევნების დროს. ამასთან, ძლიერი და მრავალფეროვანი მედიაგარემოსთვის აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფ პირებს მოვთხოვოთ ანგარიშვალდებულება და უკეთესი მმართველობა.
მედიის თავისუფლების კოალიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო გასულ წელს ვენაში გამართულ კონფერენციაზე, გაეროს ჟურნალისტთა უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის მეათე წლისთავზე. ახლა დროა გავაერთიანოთ ძალები ჩვენი საერთო მიზნისთვის: შევქმნათ უფრო უსაფრთხო გარემო ჟურნალისტებისთვის მთელს მსოფლიოში და დავასრულოთ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა".
უფრო მეტი იხ. ბმულზე: https://mediafreedomcoalition.org/statements/joint-statement/2023/day-of-impunity/
Commentaires