MCERC-ის პროექტის „მედიახმა: მეტი თავისუფლება და ნაკლები თვითცენზურა“ - ვორქშოფი და სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსია 15 ოქტომბერს გორში, EECMD-ის ოფისში გაიმართა. შეხვედრას, რომლის ორგანიზატორია მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) დაესწრნენ ჟურნალისტები, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
“მედიახმის“ პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა.
„მედიახმის“ტრენერები და ექსპერტები არიან:
ირინე ქურდაძე, საერთაშორისოსამართლისინსტიტუტის (თსუ) დირექტორი, პროფესორი;
თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტიდაჟურნალისტი;
ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“მთავარირედაქტორი, ლექტორი;
თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და ლექტორი (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).
გორში შეხვედრა დისკუსიით დაიწყო. საუბარისას გამოიკვეთა რეგიონული მედიის როლი ადგილობრივი პრობლემების გაშუქებაში. ითქვა, რომ ნდობის ფაქტორი, განსაკუთრებით საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის მოსახლეობასა და ჟურნალისტებს შორის, შესუსტებულია, თუმცა მოსახლეობა მეტად ენდობა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, რადგან ისინი სიღრმისეულად იცნობენ იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივებისთვის მწვავეა. „საოკუპაციო ზოლი არ არის ერთი ხაზი ან წერტილი, რასაც ხშირად არ თვალისწინებენ ცენტრალური მედიის ჟურნალისტები. ამიტომაც პრობლემების მათეული ხედვა და კითხვები რესპონდენტების მიმართ ზოგ შემთხვევაში გაღიზიანებას იწვევს. ეს ხელს გვიშლის ჩვენც - რეგიონულ ჟურნალისტებს, რომლებსაც მოსახლეობაში გარკვეული ნდობა ჯერ კიდევ გვაქვს შენარჩუნებული,“ - განაცხადა გიორგი ახალკაცმა (ტელეკომპანია „მთავარი არხის“ რეგიონული რეკოსპონდენტი).
„ადრე მიფიქრია, განა რა მომზადება სჭირდება ჟურნალისტს, როცა კონკრეტულ სოფელში მიდის ინფორმაციისთვის? მაგრამ ასე არ ყოფილა - სწორედაც სჭირდება - გარემოება და კონტექსტი აუცილებლად გასათვალისწინებელია - ერთგან შეიძლება სხვა კითხვები დასვა და სხვაგვარად იმოქმედო და მეორეგან - ამ მეთოდებმა საერთოდ არ იმუშაოს. ეს იციან ადგილობრივმა ჟურნალისტმა და ამით არიან ისინი გამორჩეულები და სანდოები.... შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებამ არ იცის, რას აკეთებს ჟურნალისტი და რაში სჭირდება თავად მას ჟურნალისტის მიერ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება,“ - აღნიშნა საბა წიწიკაშვილმა (Qartli.ge)
„სახელისუფლებო ვერტიკალისა და ადგილობრივი ჟურნალისტების ურთიერთობაც პრობლემურია - ისინი ყოფენ მედიას მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ და მხარდამჭერ საინფორმაციო საშუალებებად, რაც მოქმედებს ინფორმირების პროცესზე“, - თქვა ლადო ბიჭაშვილმა („ფორმულას“ რეგიონული კორესპონდენტი).
"ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რეგიონში მუშაობა სპეციფიკურია, აქ მარტო ჟურნალისტი არ ხარ. არის საშიშროება რომ ოკუპანტის ხელში ჩავარდე შენ, ან შენი კოლეგა, ამიტომ საჭიროა ერთამანეთი დავაზღვიოთ და ვიყოთ ურთიერთსოლიდარულები,"- აღნიშნა იზო ჩუბინიძემ ( „რუსთავი 2“-ის რეგიონული კორესპონდენტი).
დისკუსიისას აღინიშნა, რომ რეგიონულ მედიაში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ და ცენტრალურ მედიას შორის კოორდინაცია. პროფესიული თანამშრომლობა, ერთი მხრივ, აძლიერებს სოლიდარობას და, მეორე მხრივ, უფრო გამოკვეთს მედიის როლს - ეს კი ზრდის მთავრობის მხრიდან ანგარიშვალდებულებას, რეაგირების შესაძლებლობას.