top of page

"მედიახმა" ბათუმიდან: ვორქშოფები და დისკუსიები გრძელდება

MCERC-ის პროექტის „მედიახმა: მედია - მეტი თავისუფლებისა და ნაკლები თვითცენზურა“ - ვორქშოფები და სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსიები 6 და 7 აგვისტოს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრებს დაესწრნენ რეგიონული მედიის (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაგამოძიებო სტუდია REC-ის) წარმომადგენლები. 7 აგვისტოს გამართულ სოლიდარობის შეხვედრას შემოუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ბათუმში გამართულ ვორქშოფზე მოწვეული ექსპერტი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.



პროექტი გახსნა MCERC-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, პროფ. მარიამ გერსამიამ. მან თავისი სესიის ფარგლებში, ისაუბრა თვითცენზურასა და გამოხატვის თავისუფლებაზე: “ჟურნალისტებისთვის აუცილებელია დროული სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ჟურნალისტს ყოველდღე უწევს სხვადასხვა სახის პრობლემებთან შეჭიდება, თვითცენზურის შესამცირებლად საჭიროა არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური სტრესმედეგობის გაძლიერება. ადამიანს ბუნებრივ, მხარდამჭერ გარემოში აქვს რესურსი თავად შეძლოს სტრესთან გამკლავება, თუმცა ეს უფრო იოლი ხდება როდესაც მის გარშემო სოლიდარული გარემოა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ჟურნალისტს სამუშაო გარემოში ჰქონდეს სოლიდარობის შეგრძნება, ეს მხარდაჭერა უნდა იყოს რუსტინული, ყოველდღიური არა ერთჯერადი/ფრაგმენტული სახით" - აღნიშნა მან.


შეხვედრაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ინგა შამილიშვილმა გააჟღერა სიახლე: „ჩემი ინიციატივით გადაწყდა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილიყო სამაგისტრო პროგრამა ჟურნალისტიკის მიმართულებით, რომელმაც აკრედიტაცია გაიარა. ამ პროცესში, მიუხედავად წინააღმდეგობისა, პროფესიონალები, პრაქტიკოსები იქნებიან ჩართულები".



საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. ირინე ქურდაძემ, სესიის - „გამოხატვის თავისუფლება და მედია“ ფარგლებში, ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ადგილსა და როლზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ჟურნალისტების და მედიის როლზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში: "თსუ-ში ჟან მონეს კათედრის (Jean Monnet Chair “ UEUEPE” ) შექმნის ერთერთი მიზანია აკადემიური წრეების მხრიდან პასუხი არსებულ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობებთნ და დეზინფორმაციათან. ჩვენი გუნდის მიზანია, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის უდაო სარგებელის წარმოჩენა, აკადემიური დისკურსის ფორმატში და ინფორმაციის გაზიარებით ცნობიერების ამაღლება. იქიდან გამომდინარე, რომ მედია წარმომდგენლები არის ის უმიშვნელოვანესი პროფესიული რგოლი საზოგადოების ინფორმირების პროცესში, საჭიროა მათთვის ევროპული ღირებულებების, მიდგომებისა და სტანდარტების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება" - აღნიშნა ირინე ქურდაძემ.



ირინე ქურდაძემ უპასუხა კითხვებს, რომელიც ეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას: "ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის კონტექსტში განხილულ თითქმის ყველა საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ 'სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი საფუძველი და დემოკრატიული საზოგადოების პროგრესისა და ცალკეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა'. უფლების დაცულობა შეეხება არა მხოლოდ ისეთ 'ინფორმაციას' ან 'იდეას', რომელსაც სახელმწიფო/საზოგადოება კეთილგანწყობით იღებს, არამედ ისეთსაც, რომელიც მიუღებელია ხელისუფლების ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამას მოითხოვს პლურალიზმის, ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპები, რომელთა გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება"- აღნიშნა ირინე ქურდაძემ.


“მედიახმის” ექსპერტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრა ფემიციდის გაშუქების სპეციფიკასა და სტანდარტებზე. "გაწერილი სტანდარტების დაცვის გარდა, ჟურნალისტი თავად უნდა გრძნობდეს კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, რომ არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები," - აღნიშნა მან.

რეგიონულმა ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიაში და გამოკვეთეს ფემიციდის გაშუქებისას ხშირად დაშვებული შეცდომები, იმსჯელეს რეკომენდაციებზე. ტრენინგზე განიხილეს რეალური მაგალითები და სავარჯიშოები. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.


7 აგვისტოს, სოლიდარობის დისკუსიას შემოუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „არ გადადოს“ წევრები.


დისკუსიისას ნინო ზაუტაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქე ჟურნალისტის როლსა და იმ ახალ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მედია დგას: "მედია არის ინფორმაციის გამავრცელებელი და ერთგვარი კატალიზატორი. ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ინფორმაციის მიწოდების ტემპის გაზრდა და ის, რომ მოქალაქემ შეიძლება დაგასწროს ინფორმაციის გავრცელება. რა გამოწვევის წინაშე დგას მედია? ინფორმაციის სანდოობა, გადამოწმება და გამოსავლის შეთავაზება არის მედიის პასუხისმგებლობა. რატომ ვუსვამ ხაზს სოლიდარობას? ახლა თუ არ დავიცავით ერთმანეთის უფლებები, პროფესია დაზიანდება. ამ კუთხით, საჭიროა პროფესიული გაერთიანების შექმნა და ამ ინიციატივაზე მსჯელობა".


რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობისას მონაწილეებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს:


"...სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას პრიორიტეტულ თემებზე მივაწვდინოთ ხმა. მედიის ჩართულობა და მეტი აქტიურობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს კამპანია: „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“. დღეს 7 აგვისტოა და ბათუმში გვექნება კინოჩვენება „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს," - აღნიშნა ნიაზ ჩიტიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია "არ გადადო"-ს წარმომადგენელმა.


"78 გადაცემა გავაკეთე პანდემიის პერიოდში განათლების პრობლემებთან დაკავშირებით. თუმცა, ცენტრალური მედია არცერთით არ დაინტერესებულა. საინტერესო თემები კი შუქდება, მაგრამ პოლიტიკური თემები უფრო რეიტინგულია. რეგიონის ამბები ნაკლებად შუქდება ცენტრალურ არხებზე, რაც შესაცვლელია,"- მარი ბოლქვაძე (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი).


"სადაც ერთიანობაა, იქ რთულია და ზოგჯერ შეუძლებელია, რომ ვინმე მოგვერიოს. ამ ერთიანობას ქმნის სოლიდარობის სისტემატური ჩვენება,"- ნიაზ ჩიტაძე (ა/ო "არ გადადო").


"მეც ვყოფილვარ აქციაზე და 'გავსულვარ' ჟურნალისტური საქმიანობის ჩარჩოდან. ვფიქრობ, თუ მე წამართმევენ პოზიციის გამოხატვის უფლებას, ვერც კარგი ჟურნალისტი ვიქნები და ვერც კარგი ადამიანი,"- ირინა ყურუა (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი).


"არის ფუნდამენტური ფასეულობები, რომლის გამოც უნდა იბრძოლოს ჟურნალისტმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ. ასეთი თემებია ევროპული ინტეგრაცია, ოკუპაცია..."- თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტი.


"თუ გინდა მაყურებელში მოწყვლადი ჯგუფის მიმართ გამოიწვიო ემპათია, უნდა გააშუქო რეალური ისტორიები ამ ადამიანების ცხოვრებიდან. სოლიდარობის ჟურნალისტიკას აერთიანებს ერთი დევიზი: „არაფერი მოწყვლად ჯგუფებზე მათ გარეშე!“- ნინო ზაუტაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი).


საინტერესო დისკუსია გაიმართა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობის და პროფესიული ეთიკის თაობაზე. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს რეალური მაგალითები და იმსჯელეს დილემურ კითხვებზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიუღებელია ფამილარული ურთიერთობები პოლიტიკოსებთან, პროფესიული საქმიანობისას მნიშვნელოვანია ფორმალური დისტანციის დაცვა.


ბათუმში შეხვედრის დასასრულს, დისკუსიაში მონაწილეებს გადაეცათ „მედიახმის“ სერთიფიკატები.


“მედიახმის“პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა.


მომდევნო თვეებში, მსგავსი ვორქშოფები და დისკუსიების მედიაში დასაქმებული პირების ჩართულობით, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტის „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და „პუბლიკა“.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


მათუმში შეხვედრები გააშუქა აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იხ. ბმული: https://ajaratv.ge/article/100668?fbclid=IwAR2mC4b1bb7Jtxc6SByO_irtpvBVxqJH0_WgloEw4Zgz93g3C1xD9a8pI1U




Commentaires


survey presentation_17 July
bottom of page