6 თებერვალს გაიმართა „მედიახმის“ კვლევის “მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში“ პრეზენტაცია, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა გერმანიის ელჩმა საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლები.
კვლევა, რომელიც ორ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობითა და პროფესორების ჩართულობით მომზადდა, გამოკვეთს, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია მედიაზე, ჟურნალისტების საქმიანობაზე, პროდუქტის ხარისხსა და მედიის სანდოობაზე. მედიაგარემოზე დაკვირვება მოხდა 18 მედიასაშუალების 20 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით. ავტორებმა ძირითად მიგნებებთან ერთად, წარმოადგინეს რეკომენდაციები პოლარიზაციისა და რუსული დეზინფორმაციის შემცირებისთვის, ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიისადმი სოლიდარობის გაძლიერებისთვის და სხვ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის მოდერატორები იყვნენ ნათია კალაძე, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი (საქართველოს უნივერსიტეტი) და თეონა ცხომელიძე ("მედიახმის" აღმასრულებელი დირექტორი).
კვლევის ავტორები არიან:
მარიამ გერსამია, პროფესორი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), „მედიახმის“ დამფუძნებელი,
მაია ტორაძე, ასოცირებული პროფესორი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი),
მარი ბანძელაძე, ასოცირებული პროფესორი (საქართველოს უნივერსიტეტი).
ჩვენი ორგანიზაცია 2021 წლიდან აქვეყნებს მედიაგარემოს კვლევას, რომელიც მზადდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.
გაეცანით კვლევას ქართულ ენაზე: https://bit.ly/3Ov3UjG
და ინგლისურად: https://bit.ly/49nTPNp